პირველ ოქტომბერს იაპონიამ გაამკაცრა მოთხოვნები იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება სურთ. ეს ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მიერ საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების კამპანიის ნაწილია.
ახალი წესების თანახმად, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება, იაპონიაში მუდმივად დარჩენის მსურველმა უცხოელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი წლიური შემოსავალი საშუალო მაჩვენებელს აღემატება და მათ შეუძლიათ იაპონურ ენაზე ყოფითი ხასიათის საუბრის წარმართვა.
ამასთანავე, განაცხადის საფასური არსებულზე 20-ჯერ გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში მოსახლეობა სწრაფად ბერდება და ქვეყნის მრავალ სექტორში მუშახელის დეფიციტია, იზრდება იმიგრაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ტაკაიჩის უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული რეგულაციები გაემკაცრებინა.
უცხოელი მუშახელის მოზიდვის პროგრამებმა საზოგადოების შეშფოთება და იმიგრაციის საწინააღმდეგო განწყობა წარმოშვა.
სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ იაპონიაში სოციალური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელებზე გაიცემა.
თუმცა ექსპერტები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ქვეყნის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად იაპონიამ მეტი უცხოელი მუშახელი უნდა მიიღოს.
