კატეგორიები

ხმელთაშუა ზღვის ძვირფასი წითელი მარჯანი და არალეგალური ვაჭრობა

ხმელთაშუა ზღვის ძვირფასი წითელი მარჯანი და არალეგალური ვაჭრობა
Copyright Yiannis Issaris

წითელი მარჯანი საზღვაო ორგანიზმია, რომელიც უკიდურესად ნელა იზრდება, დიდი კოლონიის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს. გამორჩეული ფერისა და პრიალა, მაგარი სტრუქტურის გამო მას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. გაეროს მონაცემებით, მისი ღირებულება შესაძლოა კილოგრამზე 5 000 დოლარს აღემატებოდეს. მარია სალომიდიმ, საბერძნეთის საზღვაო კვლევების ცენტრის მკვლევარმა და ხმელთაშუა ზღვაში წითელი მარჯნის შესახებ კვლევაში საბერძნეთის მხარის ხელმძღვანელმა, ევრონიუსს განუმარტა, თუ რატომ არის ამ ძვირფასი საზღვაო ორგანიზმის არალეგალური ვაჭრობა ასე მომგებიანი.

„წითელ მარჯანს განსაკუთრებულს მისი კირქვიანი ჩონჩხი ხდის. კირქვიანი შემადგენლობა მას დამახასიათებელ სიმტკიცეს ანიჭებს და, ამავდროულად, შესაძლებელს ხდის მასალის დამუშავებას, გამოთლას, დაჭრასა და მისგან მძივების დამზადებას. ეს არის მასალა, რომელიც სამკაულების შესაქმნელად გამოიყენება. ამასთანავე, არსებობს უძველესი ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც, მარჯანი ერთგვარ თილისმად, დაავადებებისგან დამცავ საშუალებად, მიიჩნევა“. - აცხადებს საბერძნეთის საზღვაო კვლევების ცენტრის მკვლევარი, მარია სალომიდი.

ბოლო წლებში მოთხოვნა გაიზარდა, რადგან წითელი მარჯანი კვლავ გამოჩნდა მსხვილი საერთაშორისო მოდის სახლების კოლექციებში. პარალელურად კი ხმელთაშუა ზღვაში წითელი მარჯნის პოპულაცია მცირდება.

„აღსანიშნავია, რომ მარჯნის დიდი კოლონია შესაძლოა 100 წლის იყოს. დიდი ზომის ეგზემპლარისგან, რომელსაც ძალიან სქელი და მაგარი ჩონჩხი აქვს, შესაძლებელია მცირე ზომის სკულპტურის შექმნაც კი. შესაბამისად, ბაზარზე მისი ფასი შესაძლოა უკიდურესად მაღალ ნიშნულს აღწევდეს“. - ამბობს, მარია სალომიდი.

ამ მაღალმა ღირებულებამ ხელი შეუწყო იტალიაში  პარალელური არალეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას; იტალია საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ევროპაში მარჯნის გადამუშავებისა და ვაჭრობის ინდუსტრიის ცენტრს. საბერძნეთში, კუნძულ სკოპელოსის მიმდებარე წყლებში, წითელი მარჯნის უკანონო მოპოვებისას დააკავეს იტალიის მოქალაქეები, რომელთაც ეს მასალა იტალიაში უნდა გადაეტანათ.

„რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ იტალიელებს არ ეხებათ. ამ საქმიანობაში ჩართული არიან ბერძნებიც. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სისტემატური ხასიათი აქვს ამ პროცესს, ამის თქმა რთულია. ასევე, როდესაც იტალიელები აქ ჩამოდიან, არ ვიცით, დამოუკიდებლად მოქმედებენ თუ იმ ადგილობრივებთან კოორდინაციით, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან. თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: თუ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო“. - აცხადებს მარია სალომიდი.

მარია სალომიდი  საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საბერძნეთის ზღვის ფსკერის სრულფასოვანი კარტოგრაფიის გარეშე შეუძლებელი იქნება მარჯნის ამ ღირებული პოპულაციების დასაცავად ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.

დაკავშირებული ამბები
ხმელთაშუა ზღვის ძვირფასი წითელი მარჯანი და არალეგალური ვაჭრობა კლიმატის კრიზისი მსოფლიო დიპლომატიას ცვლის