ე.წ. „მსუქანი დათვის კვირეულის“ ფარგლებში დაიწყო ონლაინკენჭისყრა. ყოველწლიურ კონკურსზე კატმაის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის გიგანტური დათვები ერთმანეთს ყველაზე დიდი დათვის ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
გასული წლის გამარჯვებული, 544 კგ-იანი „ჩანკი“ (ოფიციალურად ცნობილი როგორც „დათვი 32“), ტიტულის შენარჩუნებას ცდილობს.
„ვფიქრობ, წელს შედეგის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, არიან დათვები, რომლებიც სხვებზე დიდები არიან, მაგრამ საქმე მხოლოდ სხეულის წონაში არ არის. გვსურს, ხალხმა დათვების ისტორიებიც გაითვალისწინოს, რადგან გასუქება სხვადასხვა რამეს ნიშნავს დიდი ზომის ზრდასრული მამრისთვის, რომელიც, შესაძლოა, ბრუქსის ჩანჩქერთან თევზაობის საუკეთესო ადგილებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს“. - აცხადებს, Explore.org-ის ნატურალისტი, მაიკ ფიცსი.
კონკურსი, რომელიც უკვე მე-12 წელია იმართება, ეძღვნება იმ 2200 მურა დათვს, რომლებიც ალასკის ნახევარკუნძულზე ალეუტის კუნძულების მიმართულებით გადაჭიმულ ნაკრძალში ბინადრობენ.
„მსუქანი დათვის კვირეული“ 2014 წელს დაიწყო. კონკურსი მიზნად ისახავს, საზოგადოებას მურა დათვების — გრიზლების სანაპიროზე მცხოვრები მონათესავე სახეობის - შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
