კალენდარული შემოდგომის მიუხედავად, პორტუგალიის უმეტესი ნაწილი კვლავ სითბური ტალღის ქვეშაა მოქცეული - ამ პერიოდში 40-გრადუსიანი სიცხე და მცხუნვარე მზე საკმაოდ უჩვეულოა როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე იქ ჩასული ტურისტებისთვის, რომლებმაც არდადეგები სპეციალურად ამ დროისთვის დაგეგმეს, ზაფხულის ცხელი დღეებისთვის თავის ასარიდებლად.
დედაქალაქ ლისაბონში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევს, არადა ვიზიტორებმა ბარგისთვის გაითვალისწინეს შემოდგომის სეზონისთვის შესაბამისი ნივთები.
მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად კვლავ აქტუალურია ის რჩევები, რაც ივლისი-აგვისტოს სითბური ტალღის დროს გაიცა. მათ შორისაა მეტი დროის გატარება ჩრდილში ან გარეთ გასვლა მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში, გარე აქტივობებისას ყოველთვის წყლის ბოთლის ტარება და გამაგრილებელი დესერტების ან სასმელების ყიდვა.
პორტუგალიის მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ჰაერის ტემპერატურა დაღმასვლისკენ წავა, თუმცა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი კალენდრის შესაბამისი ამინდი, რაც ზოგიერთ რაიონში ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
საგულისხმოა, რომ ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე გახშირდა ე.წ. „ტროპიკული ღამეების“ ტენდენცია - ანუ მოვლენა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსზე დაბლა არ ჩამოდის. ამავდროულად, პორტუგალიის უმეტესი რაიონი განიცდის ნალექების რაოდენობის სიმცირეს, რაც გვალვას იწვევს და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის სექტორს.
მეტეოროლოგების შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, 2026 წელი გაცილებით ცხელია, თუმცა, არსებული კლიმატური ტენდენციების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ეს ზედა ზღვარი არ არის და როგორც დასავლეთ, ისე ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები გაცილებით ცხელი 2027 წლისთვის უნდა მოემზადონ.
ამასთან, შესამჩნევია ის გარემოებაც, რომ სითბური ტალღა აღარ არის დამახასიათებელი მხოლოდ ივლისის ბოლო პერიოდისთვის ან აგვისტოსთვის. მიმდინარე წლის მაისიდან ევროპას რამდენიმე სითბურმა ტალღამ გადაუარა.
