პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, სახელმწიფო დაზვერვამ მიიღო ცნობა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მოსკოვი პოლონეთსა და იმ ქვეყნებზე გეგმავს დრონებით დარტყმების მიტანას, რომლებიც უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს.
ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა წარმოადგინა მომდევნო თვეების მოვლენათა განვითარების „შესაძლო სცენარი“, რომელიც, მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს „სერიოზულ მიდგომას, საკითხზე კონცენტრირებასა და, უპირველეს ყოვლისა, შინაგან მზაობას, გაუძლონ რთულ გამოწვევებს, რომლებიც ყველა პოლონელს ელის“.
ტუსკის თქმით, რუსეთის ხელშია რეაქტიული დრონებით, რაც ვითარებას ბევრად ამძიმებს.
„როგორი სცენარი ჩანს დღეს ყველაზე მეტად სავარაუდო? როგორც უკვე ვთქვი, ვსაუბრობ მომდევნო რამდენიმე თვეზე, დაახლოებით ადრეულ გაზაფხულამდე, რადგან, ყველა წყაროს მიხედვით, სწორედ გვიანი შემოდგომა და ზამთარი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დღემდე მიმდინარე პერიოდში ყველაზე კრიტიკული მომენტი.
ერთი ცვლილება მოხდა, სამწუხაროდ, ძალიან ნეგატიური ხასიათის. რუსები მასობრივად იყენებენ ახალი ტიპის დრონებს - რეაქტიულ დრონებს, რომლებიც შეუდარებლად დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან და დიდ სიმაღლეზე მოქმედებენ, ვიდრე დაეშვებიან და სამიზნეს დაარტყამენ.
დასამალი არაფერია - ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, არამედ, ზოგადად, ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ქვეყანაა მზად ამ ტიპის დრონების მოქმედებების ეფექტურად აღსაკვეთად. ესეც სამუშაოა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ...
ახლა ეს განსაკუთრებით სასწრაფო საკითხია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ გამოყენებულ ახალ ტაქტიკას. როგორც იცით, ჩვენ, გარკვეულწილად, უკვე ვართ ამის მსხვერპლნი, რადგან ბოლო თავდასხმები, რომლებიც ჩვენი საზღვრიდან 2,5 და 3,5 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა, სწორედ შეიარაღებული რეაქტიული დრონების გამოყენებით მოხდა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ მოსკოვთან დაზავება, მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის მიმართულებით, შეუძლებელია, რადგან კრემლის მიზანია უკრაინის ეკონომიკისა და ლოგისტიკის განადგურება, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ეს მიზანი რუსულ მხარეს „ჯერ მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით“ აქვს.
სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც დონალდ ტუსკი „მტკიცებულებებით გაჯერებულსა და სარწმუნოს“ უწოდებს, რუსული საოკუპაციო არმია შეეცდება ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელებას, რომლებიც „თითქოს შემთხვევითი იქნება“, რათა NATO-ს საპასუხო მოქმედების შესაძლებლობა შეეზღუდოს და არ იქნას გამოყენებული ალიანსის „კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლი.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ახალი რუსული სტრატეგია მოიცავს ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემას, ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოყვანას და ამით საერთო ევროპული ღირებულებების შერყევა, ასევე მტრული დამოკიდებულების გაღვივებას როგორც ევროკავშირის, ისე უკრაინის მიმართ.
