დასავლეთ ირანში საწვავის გადამზიდი ავტოცისტერნის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სააგენტო „ირნას“ ცნობით, ავტოცისტერნა რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა შაბათს ქალაქ სანანდაჯთან, საგზაო პოლიციის შენობის სიახლოვეს მოხდა, დედაქალაქ თეირანიდან დაახლოებით 400 კილომეტრში.
ავარიის სავარაუდო მიზეზად სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა სახელდება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ და გზას დამწვარი ავტომობილებისა და ნამსხვრევებისგან წმენდდნენ.
სანანდაჯთან მსგავსი შემთხვევა 2018 წელსაც მოხდა. მაშინ საწვავის გადამზიდი ავტოცისტერნისა და საქალაქთაშორისო ავტობუსის შეჯახებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
ირანში ავტოსაგზაო შემთხვევებს ყოველწლიურად 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ექსპერტები მაღალი სიკვდილიანობის მიზეზებად ავტომობილების გაუმართაობას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და საგანგებო დახმარების სისტემის ხარვეზებს ასახელებენ.
