კატეგორიები

ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს

ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს
ლისაბონში, რუსეთის საელჩოს შენობის სიახლოვეს, ისე რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ადვილად სანახავი იყოს, პირდაპირ ქუჩაში მოეწყო სპეციალური ინსტალაცია - უკრაინული სასწაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი, რომელიც 2022 წელს ხარკივში რუსულმა საოკუპაციო არმიამ დაცხრილა.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანია, პორტუგალიელებსა და ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებს მკაფიოდ დაანახონ სიმართლე უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით, თანაც უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც ასახავენ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს.

როგორც აქციისა და ინსტალაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, 2022 წელს, ხარკივში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას, აფეთქების შედეგად დაშავებულ ქალბატონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოუძახეს, მედიკოსები შემთხვევის ადგილას მივიდნენ, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მისივე თქმით, ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, თუმცა ამან მკაფიოდ აჩვენა, როგორ ცდილობდა ომის დაწყების პირველი დღიდან რუსული საოკუპაციო არმია სამოქალაქო სამიზნეების განადგურებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ამ მანქანას და ომის შედეგად დაზიანებული სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებისა თუ ობიექტების ნაწილების გამოფენა ჩვეულ მოვლენად იქცა - ინიციატივის ფარგლებში სახელწოდებით „უკრაინა გვიხმობს“. ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოწყობილი ინსტალაციის მიზანია ფინანსური სახსრების შეგროვებაც, რათა ომში მყოფმა ქვეყანამ შეძლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის სრულად განახლება თანამედროვე და ვითარების შესაბამისი აღჭურვილობის მქონე მანქანებით.

ამ აქციას წინ უძღოდა ლისაბონში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლის ატაშეს განცხადება, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა პორტუგალია „ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მტრულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა, რადგან ის ზედმიწევნით ასრულებს და მხარს უჭერს კრემლის საწინააღმდეგო ბრიუსელის სანქციებს და ყველანაირი ფორმით ეხმარება უკრაინას.

დაკავშირებული ამბები
ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 2000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული