კატეგორიები

ვენესუელის მთავრობაში სჯერათ, რომ აშშ-სთან გაფორმებული ნავთობშეთანხმება სარგებლის მომტანი იქნება

ვენესუელის მთავრობაში სჯერათ, რომ აშშ-სთან გაფორმებული ნავთობშეთანხმება სარგებლის მომტანი იქნება
შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის გაფორმებული ნავთობშეთანხმება, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ისტორიულს“ უწოდებს, როგორც აღმოჩნდა, ვენესუელელი კანონმდებლების უმრავლესობის შორისაც პოპულარული აღმოჩნა.

ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც დეპუტატების დიდი ნაწილის აზრით, თუკი გეგმის მიხედვით შესრულდება, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ვენესუელასა და მის მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანს და მრავალწლიან კრიზისსა და სიდუხჭირეს დაასრულებს.

„განა არასწორია, ნავთობის მოპოვება დღეში 1.5 მილიონი ბარელით გავზარდოთ თუ ეს აუცილებელია? განა არასწორია ის, რომ განხორციელდება 109 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ვენესუელის მთავრობისთვის 209 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს? არასწორია, თუ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა რეალური განვითარებისკენ წავიყვანოთ და ხალხს კეთილდღეობა მოვუტანოთ?

ჩვენ პლანეტაზე ნავთობის უდიდეს მარაგებს ვფლობთ. ეს არაერთხელ, გვითქვამს. ვისთვის არის სასარგებლო მიწის ქვეშ დამარხული ეს ნავთობი? მათთვის, ვისაც სურს, ხელისუფლებამ კვლავაც ვერ შეძლოს ეფექტურად მუშაობა? მათთვის, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს იმ საავადმყოფოების აშენებაში, რომლებიც გვინდა და გვჭირდება? მათთვის, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს მეტი სკოლის აშენებაში? თუ მათთვის, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს ღირსეული ხელფასების გადახდაში - იმ ხელფასების, რომლებსაც ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის ხალხი იმსახურებს?

სწორედ ამისკენ მივდივართ იმ რესურსებით, რომელთა მოპოვებასაც ვაპირებთ“, - განაცხადა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა.

ლათინოამერიკული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სიტყვებით, ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვენესუელას არც ფული ყოფნის და არც ტექნოლოგია, დამოუკიდებლად შეძლოს ნავთობსაცავების ათვისება.

სახელმწიფო, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მარაგებით მსოფლიო ლიდერია, თანაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც ქვეყნები საწვავის კრიზისს განიცდიან, ნიკოლას მადუროს, მანამდე კი უგო ჩავესის მმართველობით გამოწვეული მძიმე პრობლემებისგან თავის დაღწევას ცდილობს.

სანქციების შედეგად იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა ჯერ კიდევ უჩივის ენერგოკრიზისს. ზოგიერთ ადგილას ნავთობის მომპოვებელი დანადგარები გაჩერებულია, მოსახლეობა ხშირად რჩება სტაბილური ელექტრომომარაგების გარეშე - ეს ყველაფერი კი წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების „დამსახურებით“, როდესაც ვენესუელა აღმოჩნდა საკმარისი ფულადი სახსრებისა და კვალიფიციური მუშახელის გარეშე.

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონმა ვენესუელის ნავთობის დადასტურებული მარაგების მნიშვნელოვან ნაწილზე მოიპოვა კონტროლი. საუბარია, დაახლოებით 65 მილიარდ ბარელზე.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ეძლევა უფლება, თვითღირებულებით შეისყიდოს მოპოვებული ნავთობის 20%, ხოლო დარჩენილ 80%-ზე ექსკლუზიური შესყიდვის პირველადი უფლება ექნება.

გარიგება ითვალისწინებს 100 მილიარდი დოლარის კერძო ამერიკულ ინვესტიციას ვენესუელის ინფრასტრუქტურის აღსადგენად. როგორც მოსალოდნელია, ლათინოამერიკული ქვეყანა მიიღებს 19 დოლარს ყოველი გაყიდული ბარელიდან, რაც კარაკასს წელიწადში დაახლოებით 209 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ამტკიცებს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს ბუნებრივ რესურსებზე, მოსახლეობის ნაწილი და საერთაშორისო დამკვირვებლები გარიგებას ოკუპაციად და ვენესუელის სიმდიდრის მითვისებად აფასებენ.

დაკავშირებული ამბები
ვენესუელის მთავრობაში სჯერათ, რომ აშშ-სთან გაფორმებული ნავთობშეთანხმება სარგებლის მომტანი იქნება ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს უახლოვდება