პოლონეთმა დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ვარშავაში, მოსკოვის ბრძანებით, უკრაინისა და ამერიკის მოქალაქის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 7 აგვისტოს პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა და პოლიციელებმა დააკავეს.
„ჩვენი სამსახურების მართლაც ბრწყინვალე მუშაობის წყალობით, შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ, პოლიციის დახმარებით, 7 აგვისტოს დააკავა რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ დაქირავებული რუსეთის მოქალაქე, რომლის მისია იყო ვარშავაში ამერიკისა და უკრაინის მოქალაქეობის მქონე პირის მკვლელობა. ამ მოქალაქეს ორი პასპორტი ჰქონდა. ის პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი პიროვნება იყო. შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოსა და პოლიციის მიერ ბოლო წუთს მიღებული ზომების წყალობით, ეს მკვლელეობა და თავდასხმა აღკვეთილია. სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ პუტინის რეჟიმი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისთვის არასასურველი პირების განადგურებას შეეცდება. ამიტომ ამ საკითხში ჩვენი ქმედებები უკიდურესად ინტენსიური იქნება, რათა თავიდან ავიცილოთ პოლონეთის ან სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მცდელობები. მე არ მაქვს უფლება, სახელები გავამხილო, მაგრამ ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა, როდესაც ვიღაც, რუსეთის ბრძანებით, გადაწყვეტს, თავს დაესხას ამერიკელ მოქალაქეს ნატოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ, პოლონეთში, ვარშავაში“. - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთმა მოსკოვი რამდენჯერმე დაადანაშაულა დივერსიულ აქტებში.თუმცა მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა ასეთ თავდასხმებში მონაწილეობას.
