კატეგორიები

იტალიაში აცხადებენ, რომ შენგენის რეჟიმის შეჩერება არ ყოფილა ესპანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული

იტალიაში აცხადებენ, რომ შენგენის რეჟიმის შეჩერება არ ყოფილა ესპანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი გამორიცხავს მადრიდის მხრიდან მანამდე გაჟღერებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ რომმა განსაკუთრებული სასაზღვრო კონტროლი ესპანეთთან დააწესა მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ და რომ ეს ნაბიჯი მიმართული იყო მიგრანტთა ტალღის წინაშე პარტნიორი სახელმწიფოს მარტო დატოვებისკენ.

მატეო პიანტედოზის თქმით, გადაწყვეტილება შენგენის რეჟიმის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრების დაცვის მოტივით იყო მიღებული, ხოლო განსაკუთრებულ სასაზღვრო შემოწმებას ექვემდებარებიან ესპანეთიდან შემომავალი მესამე ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც, იტალიელი მაღალჩინოსნის განმარტებით, შესაძლოა, იყვნენ საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი პირები.

„გაზიარებულმა ინფორმაციამ გამოკვეთა შიდა უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე პროფილების არსებობა, რომლებიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნების მოქალაქეების ევროპის საერთო სივრცეში შესაძლო უკონტროლო და უეცარ გადაადგილებასთან. ამასთან დაკავშირებით, არ გამოირიცხება ტერორისტული ელემენტების მიგრაციულ ნაკადებში მოხვედრის პოტენციური საფრთხე.

სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ მაროკოს ზოგიერთი ტერიტორია, მათ შორის სეუტასთან მდებარე რეგიონი, ისტორიულად წარმოადგენდა ჯიჰადისტური დაჯგუფებების მხრიდან რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის ადგილს. შესაბამისად, ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს.

აღნიშნული ვითარების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, შიდა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭირო გახდა მთავრობის დაუყოვნებლივი ჩარევა.

ღონისძიებები მიზანმიმართულად გამოიყენება მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებისათვის რისკების თავიდან აცილების მიზნით. ეს ზომები გულისხმობს მხოლოდ მესამე ქვეყნების, ანუ არაევროპული ქვეყნების, მოქალაქეების შემოწმებას, რომლებიც ესპანეთიდან შემოდიან, რათა დადგინდეს მათი ევროკავშირში შესვლის კანონიერება.

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენის შესახებ არ ყოფილა მიმართული ესპანეთის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. ესპანეთის მიმართ, ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენთან ისტორიული მეგობრობისა და ძმობის კავშირები გვაერთიანებს, რაიმე მტრული ქმედება გამორიცხულია.

სინამდვილეში, ეს იყო პრევენციული და ორგანიზაციული გადაწყვეტილება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და კონტროლის მთელი ევროპული სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა ძლიერი ზეწოლის პირობებში - როგორც ეს არაერთ სხვა შემთხვევაშიც მომხდარა.

ამასთან დაკავშირებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის დროებითი აღდგენის მექანიზმი წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა მრავალჯერ აამოქმედეს“, - განაცხადა იტალიის შს მინისტრმა, მატეო პიანტედოზიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა საკუთარი გუნდის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია და ცდილობს, ამ ხაზს გაჰყვეს ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა იღებს ახალ კანონებს და ამკაცრებს რეგულაციებს, ასევე არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობას მკაცრად სჯის, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, რადგან ეს საკითხი იტალიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევაა.

განსაკუთრებული პრობლემები ქვეყანას ხვდება ხმელთაშუა ზღვიდან, საიდანაც იტალიის ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტი ჩადის, მათ გასასტუმრებლად კი იქმნება სპეციალური, ე.წ. „დაბრუნების ცენტრები“.

ბოლოს ამოქმედებული ზომაც და ესპანეთთან შენგენის რეჟიმის შეჩერებაც გამოწვეულია სეუტაში ივლისის ბოლოს განვითარებული მოვლენებით, რა დროსაც მაროკოდან მადრიდის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღე-ღამეში 80 000-მა მიგრანტმა შეძლო გადასვლა. მათი დიდი ნაწილი ესპანეთის მთავრობამ უკან გააბრუნა.

მადრიდმა რომის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას არამეგობრული უწოდა, თუმცა იტალიური მხარე აცხადებს, რომ ეს ღონისძიებები „სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას“.

საპასუხოდ ესპანეთმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე იტალიიდან ქვეყანაში ჩასული პირებისთის სასაზღვრო კონტროლს შემოიღებს.

პარალელურად, ევროკავშირის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი სეუტაში ჩავიდა ვითარების შესაფასებლად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 15 აგვისტოს არალეგალი მიგრანტების მიერ საზღვრის გარღვევის შესაძლო ახალი მცდელობის შესახებ.

ბრიუსელში ხაზს უსვამენ, რომ პრიორიტეტად კვლავ რჩება გარე საზღვრების მუდმივი დაცვა.

საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება გაცილებით გაჭირდებოდა რომ არა ევროკავშირის თანამშრომლობა სხვადასხვა ონლაინპლატფორმასთან.

ციფრული დაზვერვის მიმართულებით მომუშავე კომპანია Golden Owl-მა, რომელიც დაკავშირებულია ალიკანტეს უნივერსიტეტთან, სოციალური ქსელები გააანალიზა და გამოავლინა ორგანიზებული ონლაინოპერაცია, რომელიც საზღვრის გარღვევისკენ მოწოდებების უკან დგას.

დაკავშირებული ამბები
იტალიაში აცხადებენ, რომ შენგენის რეჟიმის შეჩერება არ ყოფილა ესპანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული სითბური ტალღის შედეგად იტალიის ქალაქებში განგაშის წითელი დონე მოქმედებს