უკრაინაში კრემლის ომის მოწინააღმდეგე ერთადერთ პარტიას, „იაბლოკოს“ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა და რეგისტრაცია გაუუქმა.
გადაწყვეტილება არც პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებს გაჰკვირვებიათ და არც მათ მხარდამჭერებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდებს შეადგენს. გასაკვირი უფრო ის იყო, რომ პარტიას რუსული კანონმდებლობის პირობებში აქამდე მოსვლის შესაძლებლობა მისცეს - თავიანთი ხისტად ანტისაომარი და მშვიდობისმომხრე რიტორიკით.
„მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს მე-9 მოწვევის არჩევნებისთვის, პარტია „იაბლოკოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატების ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ იგი რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს მე-9 მოწვევის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“ - განაჩენი რუსეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ვიაჩესლავ კირილოვმა გამოაცხადა.
სექტემბრის არჩევნებიდან „იაბლოკოს“ მოხსნის საფუძველი გახდა პარტია „სამშობლოს“ 7 აგვისტოს საჩივარი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „იურისტებმა „იაბლოკოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს“ - მათ შორის დასახელებული იყო „უცხოური დაფინანსება, ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე“, ასევე „მუშაობა აკრძალულ სოციალურ ქსელებში, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდება“.
„სამშობლოს“ პარტიამ „იაბლოკოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში აღმოაჩინა „ექსტრემიზმის ნიშნებიც“. ეს კი, მათი მტკიცებით, გამოვლინდა მაშინ, როცა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება აქტიურად უჭერდა მხარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, მშვიდობის დამყარებასა და კიევთან დიალოგს.
„იაბლოკო“ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ეს დღე არის ჩვენი ერთობლივი წვლილი მშვიდობის უფრო მალე დამყარებაში, რადგან ის აჩვენებს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს მშვიდობას და ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის შეწყვეტას.
მინდა განვაცხადო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში. ჩვენ გვაქვს ხუთი დღე და ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში - ეს არის ჩვენი კანონით გათვალისწინებული უფლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაუქმდეს.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ „იაბლოკო“ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ბიულეტენში დარჩეს“, - განაცხადა პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა, ნიკოლაი რიბაკოვმა.
„იაბლოკოს“ იდეები არც პროკრემლისტური იდეოლოგიის მქონე სხვა პარტიებსაც მოსწონთ, რომლებმაც ოპოზიციონერებს ბრალი დასდეს რუსული ინტერესებისადმი დამაზიენებელი პოლიტიკის გატარებაში. მეტიც - ისინი მოითხოვენ, ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გატარდეს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლის გათვალისწინებითაც.
რუსეთის „კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარემ, გენდი ზიუგანოვმა ოპონენტები დაადანაშაულა სამშობლოს ღალატში და თქვა, რომ მათ არასდროს არ დაუჭერიათ მხარი „რუსული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პოლიტიკისთვის“ და „არასდროს არ დაუგმიათ“ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები.
ტრენდს არ ჩამორჩა ჟირინოვსკის მიერ შექმნილი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ლეონიდ სლუცკიც, რომელმაც საერთოდ მოითხოვა „იაბლოკოს“ აკრძალვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი.
„ისინი უცხოეთის აგენტები არიან. ისინი მხარს უჭერენ უცხოეთის აგენტების ქსელს. ისინი დივერსანტები და სამშობლოს მოღალატეები არიან.
ვფიქრობ, დადგა დრო, გენერალურმა პროკურატურამ და ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციონ ამ პარტიას და საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: ნამდვილად უნდა მიეცეს თუ არა მას უფლება, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში თავისი მტრული და მოღალატეობრივი იდეები გაავრცელოს?“ - განაცხადა პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა, სერგეი მირონოვმა.
ომის მოწინააღმდეგე პარტიის მხარდასაჭერად რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ - მათი აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა იყო, რომელიც მანამდე სოციალური პლატფორმებითაც ცდილობდა, მიეწოდებინა მოსახლეობისთვის დამატებითი ინფორმაცია, საარჩევნო ბიულეტენში რატომ უნდა შემოეხაზათ „იაბლოკო“.
დემონსტრაცია შეზღუდვებით წარიმართა. მოსკოვის პოლიციამ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დაშლისკენ მოუწოდა, სხვა შემთხვევაში კი დაკავებების დაწყებით დაემუქრა.
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნია მიიჩნევს, რომ კრემლმა შიდა გამოკითხვების შედეგები ნახა, სადაც ჩანდა „ერთიანი რუსეთის“, ანუ მმართველი „ედინაია რასიას“ დაღმავალი მაჩვენებლები და „იაბლოკოს“ მხარდამჭერთა ზრდა.
ოპოზიციური პარტიის საარჩევნო პროგრამა არ იყო ვრცელი და მხოლოდ მოიცავდა მოწოდებებს უკრაინაში ომის შეჩერებისკენ, მშვიდობისა და დიპლომატიისკენ. „იაბლოკო“ მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთში სოციალური ქსელების აკრძალვის პოლიტიკასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას.
ამ ნაწილში მისი მომხრე არის „ახალი ადამიანების“ პარტია - გაერთიანების, რომელიც ექსპერტების მიერ მალევე შეფასდა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების „ფსევდოოპოზიციად“.
გაზაფხულზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ეს პარტია მოქალაქეთა სიმპათიას იმსახურებდა კრემლის ზოგიერთ ნაბიჯზე კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებით - მაგალითად, მედიაზე დაწესებულ ცენზურაზე, მობილური ინტერნეტით სარგებლობაზე დროდადრო მოქმედ შეზღუდვებზე, თითქმის სრულად აკრძალულ დასავლურ სოციალურ ქსელებსა და მათი ეროვნული უშიშროების მიერ მართული პლატფორმებით ჩანაცვლების საკითხებზე.
ამ თემაზე კრიტიკის მიუხედავად, „ახალი ადამიანების“ პარტია არ ასახელებს, რომ შეზღუდვების მიღმა FSB და Roskomnadzor-ი დგანან.
ანალიტიკოსების თქმით, პარტიის მიზანია, რუსეთის მმართველ ძალას წაართვას ხმები და ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ გადმოიბიროს.
ექსპერტები ამბობენ, რომ „ახალი ადამიანების“ პარტია არ უნდა იყოს განხილული ისეთივე ოპოზიციურ ალტერნატივად, როგორც, მაგალითად, ალექსეი ნავალნის ან ბორის ნემცოვის ძალები იყვნენ, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ პუტინის რეჟიმს.
მით უმეტეს, რომ, როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, ამ პარტიასთან დაკავშირებული არიან ის პირები, რომლებიც ალექსეი ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას მოწამლვის მცდელობაში არიან პასუხისმგებელი.
