ისლანდია 12 აგვისტოს იშვიათი - მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. ქვეყნის ნაწილი დღის განმვალობაში სიბნელეში ჩაიძირება. ეს იქნება მზის პირველი სრული დაბნელება, რომელიც 1954 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება
ისლანდიიდან, რეიკიავიკიდან კი 1433 წლის შემდეგ დაინახავენ პირველად. ისლანდიის დასავლეთი რეგიონი ერთ-ერთ იმ ტერიტორიაზეა, სადაც მზე სრულად დაბნელდება. სნაიფელსნესში სრული დაბნელება, სავარაუდოდ, დაახლოებით ორ წუთსა და ათ წამს გაგრძელდება. მზის დაბნელების გამო სნაიფელსნესში მნიშვნელოვანი ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ათასობით ვიზიტორი დაესწრება
„ამ კონკრეტულ დღეს, სავარაუდოდ, 80, 90, 100,000 ადამიანი იქნება და მათი უმეტესობა ისლანდიის დასავლეთ ნაწილში შეიკრიბება, რადგან მზის სრული დაბნელება აქ დასრულდება. ფესტივალი, რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა მოგვეცა, დამატებით სამ ან ოთხ ათას ადამიანს მოიზიდავს და ის ოთხი ან ხუთი დღე გაგრძელდება, უშუალოდ დაბნელების დღეს რამდენი ადამიანი იქნება, ზუსტად არ ვიცით. ალბათ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბება და დიახ, ეს პატარა ქალაქია, ამიტომ ვეცდებით მოვემზადოთ.“ - ამბობს სნაიფელსნესის ინფორმაციისა და პოპულარიზაციის ოფიცერი
ისლანდიის ხუთდღიანი დაბნელების ფესტივალი გააერთიანებს მუსიკას, მეცნიერებას, ხელოვნებასა და სულიერებას.
„ეს ძალიან საინტერესოა ასტროლოგებისა და ასტრონომებისთვის. ჩვენ ბევრი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი გვყავს. ასევე გვყავს ბევრი სულიერი ლიდერი და ის ადამიანები, რომლებიც ცნობიერების საზღვრებს იკვლევენ. ვფიქრობ, რაც მზის დაბნელებას განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ის აერთიანებს ამ დიდ ჯგუფებს მომავალი თანამშრომლობისთვის. “- ამბობს მზის დაბნელების ფესტივალის დირექტორი მიჩ მორალესი.
მზის დაბნელება სტუმრებს შეკრებს ისლანდიის ცნობილ ლურჯ ლაგუნაშიც.
„განსხვავება 99.99%-იან დაბნელებასა და 100%-იან დაბნელებას შორის 100%-ით განსხვავებული გამოცდილებაა. ეს დიდებულია. ეს განსაცვიფრებელია. სიტყვებიც კი არ არსებობს ამის აღსაწერად. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხუთი საათის სავალზე აღმოსავლეთით ჩავსულიყავით და ეს მოვლენა აქ, ისლანდიაში, გვენახა.“ -აცხადებს ერთ-ერთი ტურისტი, ანდრეა მარტინი.
ისლანდიაში მზის შემდეგი სრული დაბნელება 2196 წელს არის მოსალოდნელი.
