ბავშვებს, რომლებიც სოციალური ქსელების გამოყენებას ადრეული ასაკიდან აქტიურად იყენებენ, სასკოლო განათლების მიღება მეტად უჭირთ - ასეთია ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალში Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიგნება, რომლის ფარგლებშიც გაანალიზეს იტალიის ჩრდილოეთით მცხოვრები 7-დან 16 წლამდე ასაკის 5 000-ზე მეტი მოსწავლე.
დაკვირვებისას, ექსპერტებმა ბავშვები დაყვეს 4 ასაკობრივ კატეგორიად - მეორე, მეხუთე, მერვე და მეათე კლასელებად და შეასრულებინეს იტალიურ და ინგლისურ ენებში, ასევე მათემატიკაში ჩასაბარებელი გამოცდები.
ტესტირებისას გამოვლინდა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ანგარიშები შექმნეს ადრეულ ასაკში, ცუდი შედეგები აჩვენეს მშობლიურ იტალიურ ენასა და მათემატიკაში, თუმცა დადებითი დინამიკა ჰქონდათ ინგლისურ ენაში, გამომდინარე ციფრულ მედიაში მეტად გავრცელებული ინგლისურენოვანი მასალებისა.
მკვლევრების თქმით, განათლებაზე უარყოფითი შედეგის ძირითადი მიზეზი არის ციფრული გაჯეტების ყურადღების გამფანტავი ფაქტორი დღის საკვანძო მომენტში, ანუ როდესაც ბავშვები განტვირთვის მიზნით იღებენ ხელში სმარტფონს ან პლანშეტს და ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან რამდენად ხანგრძლივი გამოსდით სოციალურ ქსელებში დროის გატარება, რაც მხოლოდ ფოტო-ვიდეომასალების ყურებას კი არ მოიცავს, არამედ თანატოლებთან კომუნიკაციასაც.
აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც სოციალური ქსელების შესახებ დისკუსია განსაკუთრებით მგრძნობიარე ეტაპზეა.
მას შემდეგ, რაც ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა, დისკუსია ევროპულ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც გააქტიურდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში ფრანგმა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს. ანალოგიური ზომები განიხილება ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოშიც.
ევროკავშირის დონეზეც დისკუსია სოციალური ქსელების ბავშვების მიერ გამოყენების უფრო მკაცრი რეგულირებისკენ არის მიმართული. ივლისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ საკითხზე მომზადებული ექსპერტთა ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს სოციალური ქსელების გამოყენებისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესების აუცილებლობაზე.
თუმცა, ანგარიშმა ავსტრალიური მოდელის მსგავსი სოციალური ქსელების სრული აკრძალვა არ დაუჭირა მხარი. პირიქით, მან ხაზი გაუსვა „უსაფრთხოების დიზაინით უზრუნველყოფის“ მიდგომას, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ციფრულ პლატფორმებს ეკისრებათ.
იტალიის პრემიერ-მინისტრს განსხვავებული ხედვა აქვს. ის არ მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელების აკრძალვა პრობლემას მოაგვარებს, რადგან შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გზა ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება.
