პორტუგალიელმა სამართალდამცავებმა ატლანტის ოკეანეში, ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს დააკავეს ხომალდი, რომელსაც ხუთი ტონა კოკაინი გადაჰქონდა.
გემი, რომელიც სამხრეთამერიკული პორტიდან დაიძრა პორტუგალიის სასამართლო პოლიციის, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად შემოწმებისთვის გააჩერეს. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ესპანეთის ეროვნული პოლიცია და გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო.
ლისაბონის ცნობით, დაკავებული არიან იტალიის, კოლუმბიისა და ინდოეთის მოქალაქეები, ასევე ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი, რომელიც დანაშაულებრივ სქემაში ეჭვმიტანილადაა მიჩნეული და ბორტზე არალეგალურად მყოფი ორი პირი. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უმეტესობა აღმოაჩინეს სატვირთო კონტეინერში, დანარჩენი კი ხომალდის სხვადასხვა ნაწილში იყო დახარისხებული.
სპეცოპერაციას წინ უძღოდა ევროპოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, იურგენ ებნერის განცხადება, რომლის თქმითაც ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა გააძლიერეს კონტროლი კონტრაბანდისტებზე, რომლებიც სხვადასხვა პორტიდან ახორციელებდნენ კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტრანსპორტირებას, თუმცა, მანვე განმარტა, რომ სამართალდამცავების გაზრდილი ძალისხმევა დანაშაულის აღსაკვეთად, შესაძლოა, არ იყოს ქმედუნარიანი.
ებნერის თქმით, ზომების გამკაცრებამ მსოფლიოს ერთ ნაწილში, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს პლანეტის მეორე წერტილში, რისი პრაქტიკაც უკვე არსებობს, როდესაც ნიდერლანდების პორტში აღკვეთილი დანაშაულების შემდეგ, დანაშაულებრივმა ქსელმა მოქმედება ატლანტის ოკეანით დაიწყო.
