კატეგორიები

მიგრაციის კომისარი ესპანეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს

მიგრაციის კომისარი ესპანეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს
ევროკავშირის მიგრაციის კომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სეუტის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს. მისი თქმით,  ეს არის ევროპული მდგრადობის გამოცდა.

ბრუნერი ჟურნალისტებს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მათი შეხვედრა მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში 24 საათის განმავლობაში 70,000-ზე მეტი მიგრანტის ჩასვლის შემდეგ ჩაინიშნა.

„ბოლო რამდენიმე დღე ჩვენი ევროპული მდგრადობის გამოცდა იყო, ჩვენი გარე საზღვრების უსაფრთხოების გამოცდა. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც არ ზრუნავენ უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოებასა და მათ სიცოცხლეზე.“ - განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს კრიზისის განმეორების თავიდან აცილების გზები, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის ქსელებთან ბრძოლის, მიგრანტების დაბრუნებისა და ევროკავშირის საზღვრების გაძლიერების საკითხები.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ევრონიუსს განუცხადა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას სურდა იმ პოლიტიკური ზომების განხილვა, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყო ევროპაში ასეთ მოკლე პერიოდში საზღვრის ყველაზე მასშტაბური არალეგალური გადაკვეთის შემთხვევებს.

ერთ-ერთი მათგანი იყო მადრიდის იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციასა და  მათთვის ბინადრობის და სამუშაო ნებართვების მინიჭებას ითვალისწინებდა.

დაკავშირებული ამბები
მიგრაციის კომისარი ესპანეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს სეუტაში ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა