არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იაპონიას სჭირდება ომის წარმოების ახალი მეთოდებისთვის ადაპტირება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების, ხელოვნური ინტელექტისა და იმ პრაქტიკის გამოყენებით, რომლებსაც უკრაინა მიმართავს კრემლის მიერ წარმოებულ ომში და, ასევე, რა შესაძლებლობებსაც იყენებენ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები.
ეს განცხადება იაპონიის ხელისუფლებამ 3 აგვისტოს გააკეთა, რითაც გამოაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ტოკიომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას - ეს კი აუცილებლად არ მოიცავს ხარჯების მკვეთრ ზრდას, არამედ ადაპტირებას და შედარებით იაფი საბრძოლო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.
მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის დოკუმენტში, რომელიც 598 გვერდს მოიცავს, იაპონია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის სტრატეგიულად ყველაზე დიდი საფრთხე ჩინეთია. ტოკიოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია წყნარ ოკეანეში პეკინის კუთვნილი სამხედრო ხომალდების მანევრები, თუმცა იაპონია საფრთხეს მხოლოდ წყლიდან არ ხედავს - ამისთვის აზიურმა ქვეყანამ ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო მუშაობა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების წარმოებისთვის.
მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის დოკუმენტში საუბარია უკრაინის მიერ ომში შეცვლილ რეალობაზე, როდესაც საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას დრონები ცვლიან.
ამ მიზნით, იაპონიის შესყიდვების, ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის სააგენტომ ცოტა ხნის წინ 38 კანდიდატიდან ოთხი დრონების მწარმოებელი კომპანია შეარჩია სწრაფი განვითარების პროგრამისთვის. ისინი აგვისტოს დასაწყისში იაპონიის საზღვაო ძალების მიერ ჩასატარებელ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საბოლოო გამარჯვებული შეირჩევა.
მსგავს საბრძოლო დრონებს არაერთი კომპანია ავითარებს. ივლისის ბოლოს Toshiba-მ განაცხადა, რომ სტარტაპ Pro Drone-თან ერთად საბრძოლო დრონების ერთობლივ განვითარებას გეგმავს.
უპილოტო საბრძოლო სისტემები იაპონიას შეიძლება დაეხმაროს სამხედრო პერსონალის შემცირებული რაოდენობის კომპენსირებაში, რადგან ქვეყანას მოსახლეობის კლება და დაბერება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს.
ექსპერტების შეფასებით, სრულად იაპონური წარმოების დრონების შექმნა რთული იქნება, რადგან ქვეყნის კომერციულ დრონების ბაზარზე ჩინური წარმოების პროდუქტები დომინირებს.
