კატეგორიები

400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება

400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება
400-ზე მეტი დრონი რუსეთის სხვადასხვა ქალაქის თავზე - 4 აგვისტოს ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიზანში ძირითადად ამოიღო ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „ვაილდბერიზის“ სასაწყობე და ლოგისტიკური ობიექტები, რის შედეგადაც, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება 5 დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

აფეთქებები იყო ლენინგრადის ოლქში - ამ შემთხვევაშიც „რუსულ Amazon-ად“ წოდებული კომპანიის კუთვნილი ფართების მიმდებარედ, რამაც ხანძარი გამოიწვია.

18 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ეს „ვაილდბერიზის“ ლოგისტიკურ ტერმინალებზე თავდასხმის, სულ მცირე, მე-14 დადასტურებული შემთხვევაა, რამაც ობიექტების ნაწილობრივი ან სრული განადგურება გამოიწვია.

ერთი დღით ადრე კომპანიის საწყობებს დაარტყეს ვლადიმირისა და სამარას ოლქში.

„ვაილდბერიზის“ კუთვნილი ობიექტების მდგომარეობის შესახებ მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება თანამგზავრულ სურათებზე დაკვირვებით. სატელიტიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რა სიზუსტით შეძლეს ამ წერტილების წინააღმდეგ უკრაინულმა დრონებმა მოქმედება.

ჯამში, 4 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება ქვეყნის 18 ოლქში 320 უკრაინული დრონის განეიტრალების შესახებ, მათ შორის მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის თავზე, თუმცა, დილისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პარალელურად, რუსული სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებს კადრებს კრასნოდარის ოლქის გელენჯიკის რაიონში, სანაპირო ზოლთან მომხდარ დრონებით იერიშთან დაკავშირებით, რა დროსაც, რუსული წყაროების თანახმად, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 - ბავშვი, დაშავებულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია.

რუსეთში „უცხოეთის გავლენის აგენტად“ გამოცხადებული საინფორმაციო სააგენტო „აგენტსტვო“ აცხადებს, რომ სანაპირო ზონაში არსებული შენობების ანალიზის საფუძველზე დადგინდა უკრაინული დრონების სავარაუდო სამიზნე.

მათი ინფორმაციით, ეს იყო სამეცნიერო-სამრეწველო ობიექტი, რომელიც, გამოცემის ცნობით, რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სარაკეტო-კოსმოსურ ობიექტს წარმოადგენს.

ვიდეოზე, სადაც დარტყმის მომენტია აღბეჭდილი, ისმის სროლის ხმა. უკრაინული ტელეგრამ-არხის, Supernova-ს ვარაუდით, ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ დრონის ჩამოგდება მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა სცადა.

დაკავშირებული ამბები
400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება კვლავ უცნობია, იყო თუ არა რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება მოსკოვში მომხდარი აფეთქების მიზანი