უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნეებად კვლავ რუსული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის, Wildberries-ის სასაწყობე ფართები იქცა.
„რუსულ Amazon-ად“ წოდებული ონლაინსავაჭრო პლატფორმის ობიექტი კიევმა ამჯერად ვლადიმირის ოლქში დაბომბა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრით, ხოლო უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 500-ზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული.
ამგვარად, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ეს გახდა Wildberries-ის მე-17 სასაწყობე ობიექტი, რომელიც კიევმა მწყობრიდან გამოიყვანა. წამყვანმა რუსულმა სავაჭრო პლატფორმამ უკვე დაკარგა ლოგისტიკური ჰაბების დაახლოებით 62%, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.
პირველ ეტაპზე, უკრაინული ძალების დარტყმების სამიზნეებად იქცა რუსეთის მსხვილ ქალაქებში განლაგებული საწყობები, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ასევე იუწყება სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე დრონებით მიტანილი იერიშების შესახებ.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიზანში ამოიღეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგოობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობის დაახლოებით 3%-ის გადამუშავებას.
კიევის თანახმად, დარტყმების ქვეშ მოქცეული საწყობები იყო „ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც რუსულ საოკუპაციო არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და ეკიპირებით ამარაგებდნენ“, ამიტომ, უკრაინული მხარის შეფასებით, ისინი შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო სამიზნეებად, რაზეც საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
მათი თქმით, მხოლოდ იმის გამო, რომ პლატფორმაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქტები იყიდება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან განსხვავებით, საწყობების დაბომბვა, შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც ომის წესების დარღვევა, თუმცა, ექსპერტები დასძენენ, რომ, ნაკლებად სავარაუდოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შორეულ პერსპექტივაში დაიწყოს ამ თავდასხმების განხილვა და მათი შეფასება როგორც „ტერორისტული აქტები“, რადგან რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება - მხოლოდ ხელმოწერას კი იურიდიული ძალა არ აქვს.
გარდა სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა, Wildberries-ის საწყობებზე იერიშებით კიევი ცდილობს რუსული ეკონომიკის ჩამოშლასაც.
თავად კრემლთან დაკავშირებული სტატისტიკური სამსახურების მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს Wildberries-ის წლიურმა ბრუნვამ 6 ტრილიონ რუბლს, ანუ 76 მილიარდ 774 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-ს შეადგენს - ამ შემოსავლების დაკარგვა კი, ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის გათვალისწინებით, მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
Wildberries-ის გარდა, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები ხშირად საუბრობენ კიდევ ერთ რუსულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმის საწყობებზე - 31 ივლისს თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე Ozon-ის ობიექტიდან თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა კიევის დრონების გადაფრენის გამო.
