ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მონაცემებს პირველად ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ დაღუპულია 11 ადამიანი, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ რაოდენობას, რომლის შესახებაც ესპანეთი იუწყება.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, რაშიდ ელ ხალიფის განმარტებით, დაღუპულთაგან 10 დაიხრჩო, ერთი კი სიმაღლიდან გადმოვარდა.
პარალელურად, ესპანეთი 72 დაღუპულის შესახებ აცხადებს.
„ქალაქში სამართალდამცავების რაოდენობა 696-დან 1042-მდე გავზარდეთ, რაც 33.3%-იანი ზრდაა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხუთშაბათვე მობილიზებული იქნა შეიარაღებული ძალებიც, მობილიზდა 2000 სამხედრო. შესაბამისად, ამ დღეებში სეუტაში თითქმის 3000 თანამშრომელი მუშაობდა ვითარების ნორმალიზებისთვის და ისინი ადგილზე იქამდე დარჩებიან, ვიდრე საჭირო იქნება.
ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 72-ს შეადგენს. ეს არის რიცხვი, რომელიც ახლა გვაქვს.
ის, რაც ხუთშაბათს მოხდა, მიგრაციული კრიზისია. მიგრაციის ცენტრსა და მის გარეთ მყოფების რაოდენობა დაახლოებით 1 000 ადამიანს შეადგენდა - ეს იყო ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით არსებული მდგომარეობა. საქმე გვქონდა მიგრაციულ ვითარებასთან და შესაბამისი ზომებიც სწორედ ამ მიმართულებით ტარდებოდა. ინფორმაცია იმის შესახებ რაც ხუთშაბათ დილით მოხდა, ყველამ მაშინ მიიღო, როცა ეს მოხდა. ვიდრე მოხდებოდა, არავინ არაფერი იცოდა. ეს დაიწყო, და როგორც ყველამ ვნახეთ, ათასობით ადამიანი საზღვარს ფეხით კვეთდა. ამას მანამდე არსებულ ვითარებასთან საერთო არაფერი ჰქონდა“, - განაცხადა მიგელ ანხელ პერეს ტრიანომ, ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა სეუტაში.
ესპანეთის თანახმად, რომ ბოლო დღეებში სეუტაში შესვლა 60000-ზე მეტმა შეძლო, თუმცა მათი უმრავლესობა მაროკოში უკვე დააბრუნეს. მაროკოში კი აცხადებენ, რომ ანკლავში უკანონოდ შესვლა 40000-მა ადამიანმა სცადა.
გარდა ამისა, კიდევ 1135 ადამიანი ესპანეთის კიდევ ერთ ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ მელილიაში ცდილობდა უკანონოდ შესვლას, თუმცა ისინი მაროკოს ტერიტორიაზე მალევე დააბრუნეს.
მაროკო აცხადებს, რომ არსებული მონაცემების გადამოწმებისთვისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი ცხედრების ამოცნობისთვის მადრიდთან შეთანხმებულად მოქმედებს.
ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრანტების მოულოდნელ ნაკადს სოციალური მედიის „ბოროტად გამოყენებასა“ და „შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას“ უკავშირებს.
ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ათიათასობით ადამიანის მცდელობამ, მაროკოდან სეუტაში უკანონოდ შესულიყო, ევროკავშირში დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია. ბლოკის წევრმა ზოფიერთმა სახელმწიფომ ესპანეთი მიგრაციის საკითხში არასაკმარისი რეაგირებისა და ზედმეტად ლმობიერი პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.
