კატეგორიები

კვლავ უცნობია, იყო თუ არა რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება მოსკოვში მომხდარი აფეთქების მიზანი

კვლავ უცნობია, იყო თუ არა რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება მოსკოვში მომხდარი აფეთქების მიზანი
რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალებების ცნობით, 1-ელ აგვისტოს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი აფეთქება, რომელსაც რუსულმა საგამოძიებო სტრუქტურებმა უკვე მიანიჭეს „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო-კოსმოსური ძალების ახალი მეთაურის, ალექსანდრ ჩაიკოს მკვლელობას.

თავად მაღალჩინოსანი ადგილზე იმყოფებოდა და, რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დაბადების დღეს აღნიშნავდა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობმა ქალმა რესტორანში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა, რომლის ამოქმედების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - თავად ქალბატონი, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და რესტორნის სტუმარი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალექსანდრ ჩაიკოს სიძე იყო.

თავდაპირველად რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებდნენ ცნობებს კვების ობიექტის სამზარეულოს ნაწილში ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ.

საგულისხმოა, რომ თავად ადგილობრივი მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ ღონისძიების მიმდინარეობის მომენტში რესტორანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, ხოლო აფეთქების შესახებ მოსკოვში ოფიციალური სტრუქტურები, გარდა საგამოძიებო უწყებებისა, ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ.

უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, არაერთი რუსი სამხედრო თუ პოლიტიკური მაღალჩინოსანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად ან გაურკვეველ ვითარებაში. უკრაინული სპეცსამსახურები ან თავად იღებდნენ პასუხისმგებლობას შემთხვევების ნაწილზე ან მათ მოსკოვი ადანაშაულებდა სხვა დასავლურ სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებთან ერთად.

მაღალჩინოსნების გარდა, აფეთქებების შედეგად ბოლო წლებში მოკლეს ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და კრემლის იდეოლოგიის გამტარნი, მათ შორის 2022 წელს დარია დუგინა - რუსული მთავრობის პროპაგანდისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი.

2026 წლის თებერვალში მოსკოვში დაჭრეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ვლადიმერ ალექსეევი - საცხოვრებელ სახლთან თავდასხმაში ეჭვმიტანილი კი დუბაიში დააკავეს. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა იყო.

დაკავშირებული ამბები
კვლავ უცნობია, იყო თუ არა რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება მოსკოვში მომხდარი აფეთქების მიზანი Wildberries-ის საწყობები, საავიაციო ბაზა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია