ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს მეხანძრეები უკვე რამდენიმე მიმართულებით ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისა და ავილის რეგიონებში ცეცხლის ორი ძირითადი კერის სტაბილიზება ნაწილობრივ მოხერხდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ მძიმეა.
ყველაზე რთული მდგომარეობა სამორის პროვინციაშია, პორტუგალიის საზღვართან. ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლების ევაკუაცია დაიწყო, დაახლოებით ათას მოქალაქეს კი უსაფრთხოების მიზნით სახლებში დარჩენა ურჩია.
პორტუგალიის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ცეცხლის მასშტაბი, რომელიც დუეროს მდინარის მიმდებარე ბუნებრივ პარკსა და ესპანეთის რამდენიმე სოფელს მოედო. მიუხედავად ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურისა, ამ დროისთვის ხანძარი საზღვრის იქით არ გავრცელებულა და მხოლოდ ესპანეთის ტერიტორიას მოიცავს.
ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე, სპეციალური ტექნიკა და ავიაცია ცდილობს. ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გაფრთხილებას ავრცელებს, რომ მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შესაძლოა ხანძრის ახალი კერები გააჩინოს.
ზაფხულის განმავლობაში უკვე მეოთხედ ესპანეთი ძლიერი სიცხის ტალღის პირობებშია. ქვეყნის არაერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, რაც ტყის ხანძრების გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
