კატეგორიები

ესპანეთის სეუტას ანკლავში 24 საათში 60 000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა

ესპანეთის სეუტას ანკლავში 24 საათში 60 000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მადრიდის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში მხოლოდ 30-31 ივლისის 24 საათის განმავლობაში, არანაკლებ 60 000 მიგრანტი შეიჭრა, რაც იძლევა საფუძველს, მიმდინარე პროცესებს, ავტონომიური ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საიმიგრაციო კრიზისი ეწოდოს.

სეუტაში, სადაც დაახლოებით 83 000 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი ხელისუფლება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები შექმნილ მდგომარეობას ვეღარ უმკლავდებიან და ესპანეთის ცენტრალური მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

მიგრანტების ჭარბ რაოდენობასთან გასამკლავებლად, მოვლენათა ეპიცენტრში მადრიდმა სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები სპეცტექნიკასთან ერთად გაგზავნა.

სოციალურ მედიასა და ესპანური ტელეარხებით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ასობით მიგრანტი გასაბერი ნავებით ცდილობდა ესპანეთის ტერიტორიაზე შეღწევას მაროკოს მხრიდან. არალეგალთა ნაწილი ბარიერებზე გადაძრომით ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოში შეღწევას.

„მაროკოში ცხოვრების პირობები ძალიან მძიმეა. არ გვაქვს კარგი ჯანდაცვა, არ გვაქვს ხარისხიანი განათლება და უკეთესი მომავლის პერსპექტივაც შეზღუდულია. სწორედ ამიტომ ვრისკავთ და ზღვას ვკვეთთ, რათა აქ ჩამოვიდეთ“, - ამბობს ესპანეთში ჩასული ერთ-ერთი მიგრანტი.

„მაროკოში საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების საშუალება არ გვაქვს და, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ბევრ ადამიანს სურს ევროპაში, ამერიკაში ან სხვაგან წასვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს. როდესაც ადამიანებზე ასეთი ძლიერი ზეწოლაა, ისინი მსგავს ნაბიჯებს დგამენ. ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, მაროკოში საკმარისი სამუშაო ადგილებიც არ არის. მართალია, სამუშაო ადგილები არსებობს და ბევრი ადამიანიც მუშაობს, მაგრამ ეს არაა საკმარისი მთელი მოსახლეობისთვის“, - ამბობს ერთ-ერთი მიგრანტი, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე ჩავიდა.

შექმნილი მდგომარეობის გამო, სეუტის ხელისუფლებამ მადრიდს მოუწოდა, გამოეცხადებინა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და აეღო კონტროლი  სიტუაციაზე. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარება არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევების ზრდამ გაართულა.

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ მეზობელი სახელმწიფოები. საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს, იტალია კი განიხილავს ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერებას.

„სეუტადან გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ რისკს წარმოადგენს. იტალია უმოქმედოდ არ დარჩება. ვიწვევთ შესაბამის უწყებებს და ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ მზად ვართ, საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად საგანგებო ზომები მივიღოთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებაც.

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან. საზღვრების დაცვა, ადამიანთა გადამყვანი კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა და არალეგალი მიგრანტების ეფექტიანი დაბრუნება ამ მთავრობის უცვლელ პოლიტიკად დარჩება“, - დაწერა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ პლატფორმა X-ზე.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ ადამიანებით ვაჭრობის ქსელები სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით სარგებლობენ და ახალისებენ არალეგალური მიგრანტების შემოსვლას.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცურვით გადმოკვეთეს საზღვარი, კანონის თანახმად,  ინდივიდუალური საქმის აღძვრის გარეშე დაუყოვნებლივ უკან ვერ აბრუნებენ.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის სეუტას ანკლავში 24 საათში 60 000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან