კატეგორიები

„ტერორიზმის ხელშეწყობისთვის“ რუსეთმა პაველ დუროვი ძებნილად გამოაცხადა

„ტერორიზმის ხელშეწყობისთვის“ რუსეთმა პაველ დუროვი ძებნილად გამოაცხადა
რუსეთმა ცნობილი სოციალური პლატფორმის, Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში“ და ბიზნესმენი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

„რუს მარკ ცუკერბერგად“ წოდებულ დუროვის მიმართ სამართალწარმოების დაწყების მიზეზი გახდა მოსკოვის ვერსია, რომლის თანახმადაც, თითქოს Telegram-ის ადმინისტრაცია შლიდა იმ არხებსა და ჩათებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა „უკრაინული სპეცსამსახურების, ასევე ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ“.

რუსული უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მიიჩნევს, რომ ეს არხები ხელს უწყობდნენ რუსეთში კიბერთაღლითობის სქემებსა და ტერორისტული თავდასხმების მოწყობას, რამაც, მოსკოვის ცნობით, „მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის ბავშვებსა და ქალებს შორის“.

ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთი პაველ დუროვის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და მას სხვადასხვა სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

თავად ბიზნესმენი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლის მთავრობა საფუძველს ეძებდა, რათა რუსი მოქალაქეებისთვის Telegram-ზე წვდომა შეეზღუდა.

სოციალური პლატფორმის მიმართ რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო ზომების მიღება, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა არამხოლოდ მოსახლეობის მხრიდან, არამედ კრემლთან დაახლოებული პირების მხრიდანაც, მათ შორის პროპაგანდისტების წრიდანაც, რომლებიც, როგორც წესი, თავს იკავებენ პუტინის პოლიტიკის კრიტიკისგან.

Telegram-ს ექსპერტები ე.წ. „ციფრულ ფრონტად“ მიიჩნევენ, სადაც აქტიურად ვრცელდება ცნობები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, არამხოლოდ ტექსტური, არამედ ფოტო-ვიდეო მასალების სახით.

2024 წლის აგვისტოში, პაველ დუროვი საფრანგეთშიც დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ქვეყნის ძალოვანი უწყება უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ტერორიზმის, ნარკოტიკების, თაღლითობასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილების გამჟღავნებისთვის Telegram-ი სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდა.

საფრანგეთის პოლიცია ამ სოციალურ პლატფორმას „კრიმინალის ბუდედ“ მიიჩნევს.

დაკავშირებული ამბები
„ტერორიზმის ხელშეწყობისთვის“ რუსეთმა პაველ დუროვი ძებნილად გამოაცხადა „ცინიკური პროვოკაცია“ - ვარშავა უკრაინის საკითხზე პუტინის განცხადებას პასუხობს