კატეგორიები

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
Copyright Euronews

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე,  7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების შემდეგ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კუმამოტოს დასავლეთ სანაპიროზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა ის დაახლოებით ორ საათში გააუქმა.

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი  კუნძულ კიუ-შიუზე დადასტურდა, სადაც ბიძგების ინტენსივობამ ქვეყნის შვიდბალიანი სეისმური შკალის უმაღლეს, მეშვიდე დონეს მიაღწია.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. საგანგებო შტაბმა დაზიანების მასშტაბის შესწავლა და სამაშველო სამუშაოების კოორდინაცია დაიწყო.

 „დღეს, დაახლოებით 16:27 საათზე, კუმამოტოს პრეფექტურაში, მიწისძვრა მოხდა. ჰიკავაში, ქალაქ უკიში, იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალით მაქსიმალური, მეშვიდე დონე დადასტურდა. ძლიერი ბიძგები კიუსიუს მთელ რეგიონში იგრძნობოდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. მოსალოდნელი იყო დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები. მინისტრთა კაბინეტის ოფისმა დაზარალებულ რეგიონში სპეციალური ჯგუფი გაგზავნა. ამ დროისთვის ვაფასებთ ზარალის მასშტაბსა და დაშავებულთა რაოდენობას, თუმცა უკვე მიღებულია ინფორმაცია დაშავებულების, ელექტროენერგიის გათიშვის, დაზიანებული გზების, ხიდებისა და შენობების შესახებ. ყველას მოგიწოდებთ, მიიღოთ აუცილებელი ზომები საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად“ - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საგანგებო სამსახურებმა არაერთი გამოძახება მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ატომურ ელექტროსადგურებზე რაიმე შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მოსახლეობას კი ახალი ბიძგების შესაძლო განმეორების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დაკავშირებული ამბები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს