იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილია მათი ვინაობაც.
ივან გორბაჩოვი და მიხაილ ასტახოვი იტალიაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობდნენ და ორივე მათგანს სამდღიანი ვადა მიეცა ქვეყნის დასატოვებლად.
გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ჯაშუშობის შემთხვევა რომმა მტკიცედ დაგმო და ამას უწოდა მოსკოვის მხრიდან „სერიოზული და მიუღებელი ჩარევის ფაქტები“.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, კრემლი განაგრძობს დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებას, რაც იტალიური სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
გაძევების გადაწყვეტილებას ორი დღით ადრე წინ უძღოდა ევროპელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს იტალიური დაზვერვის ორი ყოფილი აგენტი, რომლებიც, მედიის ცნობით, კრემლს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას უკრაინისთვის გასაწევ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
7 ივლისს რომის პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი რუსი კურატორისგან იღებდა თანხას და ამის სანაცვლოდ მისთვის საინტერესო, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა - მათ შორის მოხვდა ინფორმაცია ფრანგულ-იტალიური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის, SAMP/T-ის შესახებ, რომელიც მიმდინარე მიმდინარე წელს უნდა გადასცემოდა უკრაინას, ასევე კიევისთვის უკვე მიწოდებულ Aster-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით.
მედიის თანახმად, რუსი ჯაშუშები ასევე მოითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას ბულგარეთში ნატოს მისიისა და იტალიური, დრონებისა და ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის ძრავების მწარმოებელი კომპანია Avio-სთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით ასევე აღმოჩნდება მოსკოვის ხელში.
გაზეთ La Stampa-ს ცნობით, კურატორებსა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს შორის სატელეფონო საუბრების შესწავლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ 12 წლის განმავლობაში კრემლს გადაეცა „ათასობით“ მსგავსი ინფორმაცია.
რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტის“ თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი მომხდარს შესაბამისად უპასუხებს.
