ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მონაკოში საცხოვრებელ შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი კი საფრანგეთში გაიქცა. ფრანგული და უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულები უკრაინელი მაგნატი და მისი ოჯახი წევრები არიან.
29 ივლისს ღამით უჩვეულო თავდასხმამ მონაკოს საზოგადოება შეძრა. პრინცმა ალბერტ II-მ მას შემზარავი აქტი უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ყველა სამსახური მობილიზებულია.
მოწყობილობა საღამოს 9 საათზე საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი. ისინი საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სახელმწიფო მინისტრ მირმანდის თქმით, ეჭვმიტანილმა ფეხით გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი.
„როგორც ჩანს, შენობის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი გაიქცა ქალაქ ბოსოლეიში, ჩვენ შევძელით მისი ამოცნობა კამერებით. შესაბამისად, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციას, რომელიც თანამშრომლობს ბოსოლეის მუნიციპალურ პოლიციასა და, ცხადია, მონაკოს სამთავროს უსაფრთხოების სამსახურთან“. - განაცხადა ბოსოლეის მერმა ჟერარ სპინელმა.
მონაკოს მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მინისტრმა კრისტოფ მირმანდმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთისა და მონაკოს ხელისუფლება ეძებს თავდამსხმელს, რომლის მოტივიც ჯერჯერობით უცნობია.
საფრანგეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. სხვა მას დეტალებზე არ უსაუბრია.
ფრანგული მაუწყებელის BFM-სა და უკრაინული საინფორმაციო საიტის „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი უკრაინელი სამშენებლო მაგნატი ვადიმ იერმოლაევია. „უკრაინსკა პრავდამ“ განაცხადა, რომ 2023 წელს მას უკრაინამ სანქციები რუსეთთან კავშირის გამო დაუწესა.
