15 ივნისს ოსლოს სასამართლომ ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის შვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას გაუპატიურებასა და სხვა დანაშაულებებში ედება ბრალი. გახმაურებულმა სკანდალმა მთელი ქვეყანა შეძრა.
მარიუს ბორგ ჰოიბის 40-ზე მეტ საქმეზე წაუყენეს ბრალი, მათ შორისაა გაუპატიურება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა თუ სხვა დანაშაულები, რომლებიც მაქსიმუმ 16 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჰოიბი, რომელიც ოფიციალურად არ არის სამეფო კარის წევრი და არ აქვს მუდმივი სამსახური, გაამართლეს გაუპატიურების ორ ეპიზოდში, თუმცა დამნაშავედ ცნეს ყოფილი შეყვარებულის მიმართ ძალადობაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, მუქარასა და სხვა დანაშაულებში.
ჰოიბიმ უარყო ყველაზე სერიოზული ბრალდებები, მათ შორის გაუპატიურების ბრალდება, თუმცა სასამართლო პროცესის დროს მან აღიარა, რომ ეჭვიანობის გამო ზოგჯერ ვეღარ აკონტროლებდა თავს.
გაუპატიურების შემთხვევები, რომლებშიც ბრალი წაუყენეს, 2018-დან 2024 წლამდე პერიოდში მოხდა.
მსხვერპლ ქალებს თავად არ მიუმართავთ სასამაღლოსთვის. პოლიციამ, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს იძიებდა, მის ტელეფონებსა და კომპიუტერებში აღმოაჩინა ვიდეოები, რომლებშიც გაუპატიურების ეპიზოდები იყო ასახული. ამის შემდეგ პოლიცია დაუკავშირდა ქალებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ კადრების არსებობის შესახებ.
მისმა დაცვის გუნდმა 18-თვიანი პატიმრობა მოითხოვა სხვა ბრალდებებისთვის, რომლებშიც მან თავი დამნაშავედ ცნო. ბრალდებებს შორისაა 3.5 კილოგრამი მარიხუანას გადატანა, ფიზიკური ძალადობა და მუქარა.
