კატეგორიები

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ანტისაიმიგრაციო საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ანტისაიმიგრაციო საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ანტისაიმიგრაციო საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ავტომობილებსა და შენობებს ცეცხლი მას შემდეგ წაუკიდეს,  რაც ერთ-ერთი სუდანელი მამაკაცი დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია დანით თავდასხმაში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

ასობით მომიტინგე, რომელთაგან უმეტესობა ნიღბიანი იყო, ქალაქის სხვადასხვა ადგილას  შეიკრიბა.

ბრიტანული მაუწყებლის Sky-ის მიერ გადაღებულ საჰაერო კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს პოლიცია ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში შეკრებილი მომიტინგეების დაშლას. არეულობის შედეგად ქალაქის სხვა ქუჩებზეც, საცხოვრებელ უბნებში, ხანძარი გაჩნდა. 

ბოლო ინფორმაციით, სუდანელ მამაკაცს უკვე წაუყენეს ბრალი 8 ივნისს ღამით მომხდარი თავდასხმის გამო,  რომლის მსხვერპლიც, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, თვალების, სახისა და ზურგის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ 9 ივნისს განაცხადა, რომ მათ დააკავეს  მამაკაცი, რომელიც მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა და პოლიციის უფროსმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ, არ წაეხალისებინათ სიძულვილის ენა და მოსახლეობაში არ დაეთესათ შიში.

„ინციდენტი კანარდის გამზირზე ორშაბათს, 8 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ოფიცრები ეჭვმიტანილის დასაკავებლად და პირველადი დახმარების გასაწევად შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებიც მალე გამოჩნდნენ ადგილზე. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს თვალების მნიშვნელოვანი დაზიანებებით და ზურგისა და სახის სერიოზული ჭრილობებით“.

„ეჭვმიტანილი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც, როგორც ახლა ვიცით, სუდანელია, ადგილზე  მკვლელობის მცდელობის გამო დააკავეს. ამ დროისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით სხვას არავის ვეძებთ. შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, სამზარეულოს დანა ამოიღეს. ვიზიარებ საზოგადოების აღშფოთებას ამ თავდასხმის სასტიკი ხასიათის გამო, რამაც შეშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიაში, არამედ გაცილებით შორს“. - ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის უფროსის თანაშემწე რაიან ჰენდერსონი.

პოლიციის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია, რომ თავდასხმა ტერორიზმთან იყო დაკავშირებული.

30 წლის ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც ჯერ არ გასაჯაროებულა, დაკავებულია და მას უკვე წაუყენეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში, საზოგადოებრივ ადგილას დანის ტარებასა და მკვლელობის მუქარაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სოციალურ ქსელ X-ზე თავდასხმას „საშინელი“ და „ამაზრზენი“ უწოდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის სამსახურმა  განაცხადა, რომ ახლა სიმშვიდის დროა, პოლიციას კი უნდა ჰქონდეს დრო და სივრცე სათანადო გამოძიებისთვის“.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ანტისაიმიგრაციო საპროტესტო აქცია გაიმართა ექსტრემალი სპორტსმენების შეჯიბრი კლდიდან დაშვებაში