კატეგორიები

ევროპაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ - ალპებში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება

ევროპაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ - ალპებში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება
Copyright Euronews

ალპების ძირში გიგანტური გვირაბის მთხრელი დანადგარები თანდათან წინ მიიწევენ მთის მასივის სიღრმეში. ბრენერის უღელტეხილზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. ევროპაში  ნამდვილი ინჟინერული შედევრი იქმნება.

ბრენერის შტაინახი  პატარა ავსტრიული სოფელია ალპებში...და.. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის - ბრენერის გვირაბის  - მშენებლობის ადგილიც.

ბრენერის გვირაბი, რომელიც ავსტრიას იტალიასთან აკავშირებს, ამავდროულად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის მაკავშირებელი ტრანსევროპული სარკინიგზო დერეფნის მთავარი ხაზია. ეს უზარმაზარი ნაგებობა, რომლის მთლიანი სიგრძეც 64 კილომეტრია,  ყველაზე გრძელი მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბი იქნება მსოფლიოში.

„ევროპელებს შეუძლიათ, იამაყონ იმ შედეგით, რომელიც აქ დაიდო,“ - ამბობს სებასტიან რაიმანი, BBT -ის პროექტის მენეჯერი. „მნიშვნელობა არ აქვს, სადაური იქნება ადამიანი, გერმანელი, ავსტრიელი თუ შვეიცარელი, ან აქ დასაქმებული გუნდის წევრები სადაურები იქნებიან: ხორვატები, სლოვაკები თუ პოლონელები - ეს ერთიანი ევროპული ძალისხმევის შედეგია“.

„ჩვენს პროექტში მონაწილეობას წამყვანი ევროპული კომპანიები იღებენ, მათ შორის არის Herrenknecht. ამ კომპანიის გვირაბის საბურღი რვა  მანქანა მუშაობს აქ. ყველაფერთან ერთად იმითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ  რომ აქ 10 თუ 11 ევროპული ეროვნების წარმომადგენელი მუშაობს“, - განმარტავს ანდრეას ამბროსი, Brenner Basistunnel-ის პრესმდივანი.

Herrenknecht-ი გვირაბის სათხრელი მანქანა-დანადგარების ერთ-ერთი წამყვანი ევროპელი მწარმოებელი მსოფლიოში. ამ მანქანებს 6 ათასი ცხენის ძალა აქვთ. ზოგიერთი კლდის სამტვრევი დანადგარის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი - რამდენიმე ასეული მეტრი.

Herrenknecht-ი მსოფლიო მასშტაბით კი კომპანია 5 ათასს ასაქმებს. ამ კომპანიის ბრუნვა წელიწადში მილიარდ ევროს ბევრად აღემატება.  Herrenknecht-ის ბურღებს გვირაბები გაჰყავთ ჩინეთის ყვითელი მდინარისა  და  პანამის არხის ქვეშ. ასევე  ალპებსა და ჰიმალაიში, პარიზსა და ნიუ-იორკში, მუმბაიში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში. ეს კომპანია ნახევარი საუკუნის წინ დააარსა მარტინ ჰერენკნეხტმა, გამომგონებელმა ინჟინერმა, რომელიც გერმანიის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

ევრონიუსი: „ამჟამად ბრიუსელში მიმდინარეობს მსჯელობა, მიანიჭონ თუ არა „უპირატესობა“ ევროპაში დამზადებულ პროდუქტს, მაგალითად, საჯარო შესყიდვების დროს. რამდენად გონივრულია ეს აზრი?“

მარტინ ჰერენკნეხტი, Herrenknecht AG-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე:  „ეს ერთადერთი გამოსავალია. უბრალოდ დააკვირდით, როგორ გვწურავს ჩინეთი თავისი დემპინგური ფასებით - ამას უკევ 10 წელია ვეუბნები ბრიუსელს. შემდუღებლის ხელფასები რომ შევადაროთ, აქ საათში 50 ევროს ვუხდით, ჩინეთში კი 15 ევროა. ჩინური ფოლადის ფასი ჩვენის ნახევარია! ეს თუ არ შევცვალეთ, ეკონომიკას ვერ გამოვაცოცხლებთ“.

ევრონიუსი: „ევროპამ პროტექციული ტარიფებით უნდა უპასუხოს?“

მარტინ ჰერენკნეხტი, Herrenknecht AG-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე: „ტარიფების გარეშე ევროპა ვერ გადარჩება, დაიშლება. ბრიუსელში იმაზე მიდის მსჯელობა, ხომ არ შევქმნათ ახალი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჩინეთისა და რუსეთის გარეშე. მაგრამ ბრიუსელში ძალიან ბევრს საუბრობენ და არაფერს აკეთებენ“.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

დაკავშირებული ამბები
ევროპაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ - ალპებში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება ევროპაში დამზადებული პირველი ორგანული ხიზილალა ახალ ბაზრებს იპყრობს