კატეგორიები

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ სამივე თავდამსხმელი გაანეიტრალა, მათგან ერთ-ერთი მოკლულია, მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი.

როგორც წესი, თურქეთის სამთავრობო უწყებები ტერმინ „განეიტრალებას“ იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა პირი ლიკვიდირებული ან აყვანილია.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, ხოლო ერთ-ერთი თავდამსხმელი პირი, მისივე თქმით, დაკავშირებული იყო „ორგანიზაციასთან, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს რელიგიას“.

მანვე განაცხადა, რომ დაპირისპირებაში მონაწილეთა შორის არიან ძმები, რომლებიც წარსულში ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის არიან ნასამართლევი.

ოფიციალურად, თურქ მაღალჩინოსნებს არ განუმარტავთ, რომელია ის ორგანიზაცია, რომელზეც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება აცხადებს, რომ, შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები.

CNN-ის თურქული სამსახურის ჟურნალისტის, ტამერ ოსკაის ცნობით, სამივე შეიარაღებული პირი ცდილობდა ისრაელის საკონსულოს ოფისში შეღწევას, თუმცა პოლიციამ დროულად იმოქმედა.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის იუსტიციის მინისტრი აკინ გიურლეკიც:

**„სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, ქალაქის მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივი გამოძიება დაიწყო.**

**ჩვენი პროკურორები ოპერატიულად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მთავარი პროკურატურის კოორდინაციითა და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა ინციდენტის გარემოებების შესასწავლად. გამოძიება ტარდება ყველამხრივ და ყურადღებით“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.**

სტამბოლის გუბერნატორმა, დავუტ გიულმა თავდამსმხელებს „ტერორისტები“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ჯერ არც საკონსულოზე თავდასხმის კვალიფიკაცია და მითუმეტეს არც ტერორიზმი არ მინიჭებია, თუმცა შემთხვევა მანვე „პროვოკაციულ აქტად“ მოიხსენია.

დაკავშირებული ამბები
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა