იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ მისსავე ინიცირებულ რეფერენდუმში მარცხი აღიარა, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხებოდა. თუმცა, მიუხედავად შესუსტებული პოზიციებისა,
გადადგომას არ გეგმავს. განწყობები იმ ვიდეომიმართვაშიც იკითხებოდა, რომელიც რეფერენდუმის შემდეგ პრემიერმა გაავრცელა.
ჯორჯა მელონი — იტალიის პრემიერ-მინისტრი:
„ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ის, რისი დაპირებაც საარჩევნო პროგრამაში გასცა — მოეხდინა სასამართლო სისტემის რეფორმირება. ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ჩვენ, როგორც ყოველთვის, პატივს ვცემთ მათ ნებას. რა თქმა უნდა, რჩება სინანულიც, რადგან ეს დაკარგული შესაძლებლობაა იტალიის მოდერნიზებისთვის, თუმცა ეს არ ცვლის ჩვენს მიდგომას, რომ გავაგრძელოთ ძალისხმევა ერის კეთილდღეობისთვის. ვაგრძელებთ, როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობით, მოწადინებითა და პატივისცემით იტალიელი ხალხისა და იტალიის მიმართ,“ — აღნიშნავს ჯორჯა მელონი.
ჯორჯა მელონის სასამართლო რეფორმას ამომრჩევლებმა უარი მთელი 55%-ით უთხრეს. ცვლილებების მომხრეებმა 45% შეადგინეს. ამომრჩევლის აქტივობა რეფერენდუმზე მოსახლეობის თითქმის 60% იყო.
რეფორმის გატანის შემთხვევაში ცვლილებები იტალიის სასამართლო სისტემაში კარიერული საფეხურების დაყოფას ითვალისწინებდა პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის, რაც მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოს ორ დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოაყალიბებდა. გათვალისწინებული იყო ახალი დისციპლინარული სასამართლოს პრაქტიკის შემოღებაც.
რეფორმის მომხრეები თვლიდნენ, რომ ამგვარი ცვლილება იტალიის შენელებულ სამართლებრივ სისტემას გააუმჯობესებდა. იდეის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევდნენ, რომ ის მოსამართლეების დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ დააყენებდა.
პარლამენტმა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის პრემიერის ეს რეფორმა 2025 წლის ოქტომბერში უყარა კენჭი, თუმცა ვერ შეძლო საკმარისი 2/3-ის მოპოვება, რაც მელონის მთავრობას საყოველთაო კენჭისყრის თავიდან არიდების საშუალებას მისცემდა.
