ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისთვის ემზადება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული კონტინენტისკენ უკვე გაფრინდა. ქვეყნის ყველაზე მთავარ პარტნიორთან განსახილველი ბევრი საკითხია. მათ შორის საკვანძო ირანია, თუმცა არა მხოლოდ ის.
„მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორე ვადით დაბრუნდა, მეშვიდე სახელმწიფო ვიზიტით მივემგზავრები აშშ-ში მასთან შესახვედრად. რთულია არ აღვნიშნო მისი დაუვიწყარი ვიზიტი ისრაელში და გამოსვლა კონგრესში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აჩვენებს უნიკალურ სიახლოვესა და გამორჩეულ ურთიერთობას, რომელიც აშშ-სთან გაგვაჩნია, ასევე პერსონალურად პრეზიდენტთან. ვთვლი, რომ მსგავსი არასდროს მომხდარა ჩვენს ისტორიაში. ამ ვიზიტისას განვიხილავთ ღაზის საკითხს, ფართოდ რეგიონს, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ირანთან მოლაპარაკებების პროცესს. მე პრეზიდენტს წარვუდგენ იდეებს ამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პრინციპებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ეს პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და უსაფრთხოება სურს“, – აღნიშნა გაფრენამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
უცნობია ზუსტად, რა პრინციპებს გულისხმობს ისრაელელი ლიდერი იმ მოლაპარაკებების ირგვლივ, რომელიც ირანსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას ომანში ჩატარდა. თუმცა ზოგადი პრინციპი ცნობილია: ისრაელი და აშშ რეგიონში ბირთულად შეიარაღებულ თეირანს ვერ მიიღებენ. ისლამურ რესპუბლიკაში კი, მიუხედავად ამერიკული ზეწოლისა, ამ აქტივის შენარჩუნებას დაჟინებით ცდილობენ. აშშ-ის სპეცწარმომადგენლებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარეტ კუშნერთან ბოლო საუბრებისას თეირანმა მოითხოვა უფლება, ურანით გაამდიდროს პროგრამა, რაზეც უარი მიიღო.
„ვფიქრობ, აშშ-სა და ისრაელს შორის ყოვლად გამორჩეული კავშირი არსებობს. ყველას სურს იხილოს რაღაც, რაც ომის გარეშე გადაწყდება, მაგრამ ეს ირანზეა დამოკიდებული. ისინი მოითხოვენ ბირთვული შეიარაღების შენარჩუნებასა და მის ურანით გამდიდრებას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ეს მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰუკაბიმ.
აშშ-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი 18 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ირანთან ბოლო მოლაპარაკებებმა შეხვედრა დააჩქარა. ისრაელის პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თეთრ სახლში თეირანსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. ამ დაძაბულობის ნაწილია არაბეთის ზღვაში განთავსებული ამერიკული ავიამზიდი, საბრძოლო გემები და გამანადგურებლები.
გასულ ივნისში აშშ შეუერთდა ისრაელის სამხედრო კამპანიას ირანის წინააღმდეგ და გაანადგურა ირანის ბირთული ინფრასტრუქტურა. საპასუხოდ ირანმა კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზებს შეუტია. თეირანი ახლაც იმავეთი იმუქრება, თუ ისრაელი და ამერიკა მათ წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯს გადადგამენ.

