მთავარიაზიატაილანდიტაილანდის არჩევნების შედეგებით შესაძლოა, ქვეყანამ თავი დააღწიოს პოლიტიკურ კრიზისს

ტაილანდის არჩევნების შედეგებით შესაძლოა, ქვეყანამ თავი დააღწიოს პოლიტიკურ კრიზისს

ტაილანდის ვადამდელ საყოველთაო არჩევნებზე დიდი უპირატესობით მოპოვებული გამარჯვებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის კონსერვატიულმა პარტიამ მნიშვნელოვნად გაზარდა 500-დეპუტატიან პარლამენტში საკუთარი მანდატების რაოდენობა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ჩარნვირაკულის პოლიტიკური გაერთიანება ტაილანდის საკანონმდებლო ორგანოში 200 ადგილს მოიპოვებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას მხოლოდ პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევითა და კოალიციის ჩამოყალიბებით შეძლებს.

„ამ დილას ჩვენმა ხალხმა უფრო მეტი [ხმა] მოგვცა, ვიდრე ველოდით. ამიტომ, უდიდესი ვალი გვაქვს ჩვენს ამომრჩევლებთან და მას მხოლოდ იმით გადავუხდით, რომ მთელი ძალით ვეცდებით მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო.

ყველა პრობლემა, რომელსაც შეეძლო, ტაილანდი საფრთხეში ჩაეგდო, გადავჭერით სპეციალისტების დახმარებით და ვთვლით, რომ ახლა ტაილანდი სტაბილურ მდგომარეობაშია.

მოუთმენლად ველით წინსვლის შესაძლებლობას ჩვენს უფრო ძლიერ ხელისუფლებასა და მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, – განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა.

ტაილანდის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნის „ეროვნული პარტიაა“, რომელიც ეთანხმება არჩევნების შედეგებს და მზად არის, ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს მმართველ ძალას, რათა როგორც ამბობენ, ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებას.

„თუ კი ამჟამინდელ მონაცემებს გადავხედავთ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ვერ შევძლებთ არჩევნებში გამარჯვებას და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ვთქვი და როგორც ვამბობდით წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას: ჩვენ პატივს ვცემთ საპარლამენტო სისტემას და უნდა მივცეთ გამარჯვებულს მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

მინდა, ყველა დეპუტატმა პატივი სცეს ტაილანდელი ხალხის არჩევანს, რომელიც მათ რეფერენდუმზე მიიღეს და დაეთანხმნენ ახალი კონსტიტუციის შემუშავების გაგრძელებას. ჩვენ, როგორც ეროვნული პარტია გავაკეთებთ ყველაფერს, ამ პროცესის წინსვლისთვის“, – განაცხადა „ტაილანდის ეროვნული პარტიის“ ლიდერმა, ნატხაფხონგ რუენგპანიავუტიმ.

ოპოზიციური „ეროვნული პარტიის“ წინამორბედმა გაერთიანებამ 2023 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, რადგან კონსერვატიულმა ძალებმა მას ხელი შეუშალეს მთავრობის ფორმირებაში, მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ სტატისტიკად იქცა.

მოგვიანებით პარტიის „წინ“  საქმიანობა ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა, რადგან პოლიტიკურ გაერთიანებას სურდა, შეეცვალა უკიდურესად მკაცრი „ამბოხების შესახებ“ კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ტაილანდის კონსტიტუციურ წესრიგს.

ანალიტიკოსების შეფასებით, 8 თებერვლის არჩევნების შედეგებით ხელი შეეწყობა ტაილანდის პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას, ბოლო რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ხელისუფლებათა ცვლილების სერიის შემდეგ, თუმცა, მათივე თქმით, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია შეთანხმება სხვა პარტიებთანაც.

გასული წლის დეკემბერში ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა, რათა გამოეყენებინა ქვეყნის მოსახლეობის ნაციონალისტური განწყობები, რომლებმაც, თავის მხრივ, კაბოჯასთან მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ იფეთქა.

არჩევნებთან ერთად, 8 თებერვალს ტაილანდელმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმშიც, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ტაილანდის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტის ახალი რედაქციის მიღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend