თავდაცვის მსოფლიო შოუს რიგით მესამე პრეზენტაციას საუდის არაბეთმა უმასპინძლა. დედაქალაქ ელ-რიადში გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა და მასში მონაწილეობა 70-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტმა წარმომადგენემა მიიღო.
მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებმა. ეს კი, გლობალური დაძაბულობის ფონზე სამხედრო ინოვაციების ღია ჩვენებას წარმოადგენდა.
წლევანდელი გამოფენა მოიცავდა სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, კოსმოსურ და კიბერუსაფრთხოების თავდაცვითი სისტემების პრეზენტაციას.
„საუდის არაბეთში გამართული თავდაცვის მსოფლიო შოუ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოფენად, რომელიც საერთაშორისო და საუდის არაბეთში მოქმედ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს აერთიანებს. ეს გამოფენა ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას გლობალურად და ლოკალურად საუდის არაბეთისთვის. ეს მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიზანია, რითაც ტექნოლოგიების განვითარებით, გარე წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება მოხდება. ნავთობზე დაფუძნებული ეკონომიკიდან გადასვლის პირობებში, სამხედრო ინდუსტრიის ლოკალიზაცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და გლობალური ცოდნისა და ტექნოლოგიების საუდის ხელში გადმოტანას, რათა ჩამოყალიბდეს შიდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი“, – განაცხადა METC-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამედ ალ-სოფიანმა.
საერთაშორისო სამხედრო იარაღისა და მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კომპანიებიც აქტიურად უჭერენ მხარს საუდის არაბეთის მცდელობებს, თავდაცვითი სისტემების ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ამბობენ, რომ არაბულ ქვეყანას ამ მხრივ დიდი მომავალი აქვს.
„ამ გამოფენაზე მოწვეულია მრავალი ქვეყანა და სხვადასხვა სახელმწიფოს კონკრეტული კომპანიები, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვა კომპანიების ტექნოლოგიებს და გარკვეული იდეები ერთმანეთსაც გავუზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ისინი მოწინააღმდეგეებად მიიჩნეოდნენ, მაინც შესაძლებელია იდეებისა და ტექნოლოგიების გაზიარება“, – აცხადებს ერთ-ერთი კომპანიის წამრომადგენელი, ჯეიმს ჩო.
თავდაცვის მსოფლიო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება, რომელსაც საუდის არაბეთის სამხედრო ინდუსტრიების გენერალური ორგანო მასპინძლობს. მისი იდეა— „თავდაცვის მომავალთან ინტეგრაციაა“ და უკვე იქცა მთავრობების, კერძო კომპანიებისა და დელეგაციების მნიშვნელოვან შეხვედრის სივრცედ. მიმდინარე ომებისა და კონკურენციის მიუხედავად, ღონისძიება დიალოგისთვის სივრცეს მაინც ინარჩუნებს. გამოფენა 12 თებერვლამდე გაგრძელდება.


