იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი შედეგებით, ქვეყნის პარლამენტის 465-კაციან ქვედა პალატაში იაპონიის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 316 მანდატი მოიპოვა.
ეს პარტიისთვის საუკეთესო შედეგია 2017 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ პარტიას სათავეში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 2022 წელს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოკლული შინზო აბე ედგა.
ამ შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით მანდატების რაოდენობა 118-ით გაზარდა. დამაჯერებელი გამარჯვება მეტწილად ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ პოპულარობას უკავშირდება.
„ამომრჩეველთა მხარდაჭერა პრემიერ სანაე ტაკაიჩის პასუხისმგებლიანი, პროაქტიული ფისკალური პოლიტიკისა და ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მივიღეთ“, — განუცხადა მედიას იაპონიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა.

ასეთი შედეგები კონსერვატორ პრემიერს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს არაერთ სფეროში, მათ შორის უსაფრთხოებისა და იმიგრაციის მიმართულებით. ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ მან განაცხადა, რომ „მოქნილობა მისი ძლიერი მხარეა“ და რომ გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ამ ვითარებაშიც კი, მოქნილობა ჩემი ძლიერი მხარეა. ამიტომ, თუ ოპოზიციური პარტიებისგან კარგი წინადადებები იქნება, მათ სერიოზულად განვიხილავ. თუმცა, რადგან ოპოზიციური პარტიები თავად არ ეძებენ დაფინანსების წყაროებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ინიციატივებს შევაფასებ ყურადღებით, არამედ მათი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებსაც“, — განაცხადა სანაე ტაკაიჩიმ.
იმედგაცრუებულები არიან ცენტრისტული რეფორმების ალიანსში. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ ოპონენტებს მხოლოდ 49 მანდატი ერგოთ.
„მეგონა, წარმატების მიღწევა შეგვეძლო, რადგან საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათი რიცხვი, ვინც ვითარების სიმწვავეს გრძნობდა, იზრდებოდა. ემოციებს აყვნენ. თუ ეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ტაქტიკა იყო, ამან ჩვენზე იმუშავა“, — განაცხადა იოშიჰიკო ნოდამ, ცენტრისტული რეფორმების ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა.
64 წლის ტაკაიჩიმ მნიშვნელოვნად აღადგინა მხარდაჭერა, რომელიც ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ფასების ზრდისა და კორუფციის გამო დაკარგა. იგი პარტიის ულტრაკონსერვატიულ ფრთას მიეკუთვნებოდა, როდესაც გასულ ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
მას შემდეგ მან ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, დიდი სიმპათია მოიპოვა, თუმცა ახლა მისგან ეკონომიკისა და ინფლაციის საკითხებზე კონკრეტულ შედეგებს ელიან.
ტაკაიჩის საარჩევნო ტრიუმფმა შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს პეკინში. თანამდებობაზე ყოფნის მხოლოდ ორ კვირაში ტაკაიჩიმ, რომელიც ჩინეთის მიმართ მანამდეც მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა, განაცხადა, რომ იაპონია შესაძლოა სამხედრო გზით ჩარეულიყო, თუკი პეკინი ტაივანის ძალით დაუფლებას ეცდებოდა.
ჩინეთი, რომელიც დემოკრატიულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მისი ანექსიისთვის ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, ტაკაიჩის განცხადებებმა გააღიზიანა.


