კატეგორიები

კოსტა-რიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ლაურა ფერნანდესი იმარჯვებს

კოსტა-რიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ლაურა ფერნანდესი იმარჯვებს

წინასწარი შედეგებით, კოსტა-რიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულისტი კანდიდატი ლაურა ფერნანდესი იმარჯვებს. 39 წლის პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედმა პრეზიდენტმა როდრიგო ჩავესმა წარადგინა, კოსტა-რიკის ისტორიაში მეორე ქალი პრეზიდენტი იქნება. ხმების 88 პროცენტის დათვლის შემდეგ ლაურა ფერნანდესმა  48.5% პროცენტი მიიღო და მარტივად გადალახა 40-პროცენტიანი ბარიერი, რაც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო. მისმა მთავარმა კონკურენტმა „ეროვნულ-განმათავისუფლებელი პარტიის“ კანდიდატმა ალვარო რამოს ჩავესმა 33 პროცენტი დააგროვა, კოალიცია „მოქალაქეთა დღის წესრიგის“ კანდიდატმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ კლაუდია დობლეს კამარგომ კი – 5 %.

ლაურა ფერნანდესის წარმატება დიდწილად პრეზიდენტ როდრიგო ჩავესის დამსახურებაა. კოსტა-რიკის საარჩევნო კომისიამ გასულ წელს დაადგინა, რომ როდრიგო ჩავესმა საპრეზიდენტო ძალაუფლება ლაურა ფერნანდესის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, რაც კონსტიტუციით იკრძალება. „სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ლაურა ფერნანდესმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მადლობა სწორედ როდრიგო ჩავესს გადაუხადა. თავად როდრიგო ჩავესს კანონით არ ჰქონდა უფლება, კიდევ ერთხელ ეყარა კენჭი, თუმცა იგი ლაურა ფერნანდესის გამარჯვების შემთხვევაში ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.

როდრიგო ჩავესს პრეზიდენტობისას  ქვეყნის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაუქმებასა და დასუსტებაში ადანაშაულებენ. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს აეკრძალათ საზედამხედველო ორგანიზაციებს ქვეყანაში მუშაობა. ასევე მის მიერ გატარებულ უზენაესი სასამართლოს რეორგანიზაციას ოპონენტებში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ისტორიულად მშვიდობიან ცენტრალურამერიკულ ქვეყანაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა დანაშაულის შემთხვევებმა, რაშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ როდრიგო ჩავესს ადანაშაულებს. ამომრჩევლების ნაწილს კი მიაჩნია, რომ სწორედ როდრიგო ჩავესის პარტია და მისი კანდიდატი ლაურა ფერნანდესი შეძლებენ კრიმინალის შემცირებას.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად კოსტა-რიკაში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ასამბლეაში, სადაც 57 ადგილია, ლაურა ფერნანდესის პარტიამ 30 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, პოპულისტური პარტია საპარლამენტო უმრავლესობით მოვა.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“