ირანის ხელისუფლებამ თეირანის ცენტრალურ მოედანზე ახალი ბილბორდი გამოფინა. მიზანი, როგორც ჩანს, შეერთებული შტატების გაფრთხილება და პასუხის გაცემაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში „ყოველი შემთხვევისთვის“ სამხედრო ხომალდებს აგზავნის.
ბილბორდზე, რომელიც ენგელაბის, ანუ ისლამური რევოლუციის მოედანზეა განთავსებული, გამოსახულია ავიამზიდი, რომლის გემბანზეც დაზიანებული და აფეთქებული მოიერიშე თვითმფრინავებია. გემბანი ცხედრებითა და სისხლის გუბეებითაა დაფარული. ხოლო კვალი, რომელსაც სისხლი წყალში ტოვებს, ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ზოლებს მოგვაგონებს.
ბილბორდზე დატანილი სლოგანი კი ასეთია – „თუ ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი“.
როგორც წესი, ენგელაბის მოედანი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული შეკრებებისთვის გამოიყენება. აქ განთავსებულ ბანერს კი, რეჟიმი მოვლენათა შესაბამისად ცვლის.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ირანს აკვირდება“ და იმ შემთხვევისთვის, თუკი მოქმედებას გადაწყვეტს, ქვეყნისკენ ხომალდებს აგზავნის.
„ჩვენი უზარმაზარი ფლოტი, ირანისკენ მიემართება. შესაძლოა გამოყენება არც დაგვჭირდეს. ვნახოთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 22 იანვარს.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა შტატების ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასული წლის ივნისში განხორციელებულ დარტყმებს სრულიად უმნიშვნელოდ წარმოაჩენდა.
შაბათს, 24 იანვარს, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მოუწოდა, „შეცდომებს მოერიდონ“. მანვე თქვა, რომ „თითი ჩახმახზე“ აქვთ და „ასე მზად არასდროს ყოფილან“.
ყველაზე პირდაპირ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დაემუქრა. მან განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა პასუხის გასაცემად ხელთარსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს. აბას არაღჩიმ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში დაწერა, რომ 2025 წლის ივნისისგან განსხვავებით, ახლა ირანის შეიარაღებული ძალები თავშეკავებას აღარ გამოიჩენენ.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ირანში პროტესტის სასტიკი ჩახშობის ფონზე იზრდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული უფლებადამცველი აქტივისტების სააგენტოს მონაცემებით, პარასკევს დაღუპულთა რაოდენობა 5002-ს გასცდა. სავარაუდოა, რომ რიცხვი გაცილებით მაღალია, თუმცა რადგან უკვე ორ კვირაზე მეტია, ირანში ინტერნეტი გათიშულია, ინფორმაციის დაზუსტება ძალიან რთულდება.
უფლებადამცველი აქტივისტების სააგენტოს თანახმად, დაკავებულთა რაოდენობა 41,280-ს აღემატება.
საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

