პარიზის სასამართლო აგრძელებს ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის, სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელზე პასუხიც განსაზღვრავს, ჩაერთვება თუ არა ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმე ეხება ბრალდებას, რომლითაც მას კანონმდებლობის დარღვევასა და ევროკავშირის სახსრების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ეს 2004-დან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში ხდებოდა, რაც სრულად ეწინააღმდეგებოდა როგორც საფრანგეთის, ისე ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოებს.
არც ლე პენს და არც საქმეში სხვა ბრალდებულებს არ უარყვიათ, რომ, შესაძლოა, საქმეში დანაშაულის ნიშნები არსებობდეს, თუმცა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ევროპარლამენტი დაადანაშაულა.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მათი მხრიდან შეშფოთება დროულად უნდა გამოთქმულიყო, მითუმეტეს, რომ, როგორც ერთ-ერთი სასამართლო განხილვისას განაცხადა, „არაფერი დამალულა“ და არსებობდა საჯარო ხელშეკრულებები თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
სააპელაციო სარჩელით, რომლის თანაავტორია საქმეზე ბრალდებული კიდევ 10 პირი, მარინ ლე პენი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც ის ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს, სასჯელის სახედ კი მას განესაზღვრა ჯარიმა 100 000 ევროს ოდენობით, აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით, ასევე შეეფარდა 4-წლიანი პატიმრობა, საიდანაც 2 წელი შინაპატიმრობას გულისხმობს.
თუკი 12 თებერვალს სააპელაციო განხილვების დასრულების შემდეგ ძალაში დარჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მარინ ლე პენის პოლიტიკური გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვლება და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას საკუთარი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდა ლიდერისთვის, ჟორდან ბარდელასთვის, მოუწევს ასპარეზის დათმობა, ვისი რეიტინგიც, საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მზარდია.

