მთავარიკულტურაკაცი, რომელმაც მოდა წითლად შეღება - მსოფლიო ვალენტინო გარავანის ემშვიდობება

კაცი, რომელმაც მოდა წითლად შეღება – მსოფლიო ვალენტინო გარავანის ემშვიდობება

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ფონდი ადასტურებს. ვალენტინოს ფონდის ინფორმაციით, 93 წლის დიზაინერი თავის რომაულ რეზიდენციაში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ვალენტინოს რომში, მისივე სახელობის ფონდის შენობაში გადაასვენებენ. მას პარასკევს, 23 იანვარს, რომის რესპუბლიკის მოედანზე, სანტა მარიას ბაზილიკაში დაკრძალავენ. ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგეს მილანში, სადაც მოდის კვირეული მიმდინარეობს.

„ბატონმა ვალენტინომ დიდი გავლენა და მემკვიდრეობა დატოვა მოდაზე, ასევე იმ ქვეყანაზე, რომელსაც წარმოადგენს. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია“, – ამბობს ამერიკული ფეხბურთის „ინდიანაპოლის კოლტსის“ მოთამაშე, კენი მური II, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

„ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი  დიზაინერი იყო. ვფიქრობ, მის გარეშე ვერ მივაღწევდით იმ დონეს, რომელზეც  დღეს მოდის სფეროა. ასე რომ, მოდისთვის ეს ძალიან სამწუხარო დღეა“, – ამბობს მილანის მოდის კვირეულის მონაწილე, ალექსანდრ ვანგი.

„მისი სიდიადის დავიწყება შეუძლებელია. მისი დიზაინი, ქსოვილის თითოეული ნაჭერი და განზრახვა, რომელიც მან თავის ნამუშევრებში ჩადო, სამუდამოდ დარჩება“, – ამბობს არტისტი ტრინიდად ჯეიმზი.

ვალენტინო გარვანი, რომელიც ბრენდ „ვალენტინოს“ დამფუძნებელია, მეოცე საუკუნის მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება ე.წ. წითელი ვალენტინო, რომელიც მისი სავიზიტო ბარათიც გახდა. მან საკუთარი ბრენდი 1960 წელს დააფუძნა. ვალენტინო განსაკუთრებული ელეგანტური დიზაინებით მოდის ლეგენდად იქცია. ჯორჯო არმანისა და კარლ ლაგერფილდთან ერთად ვალენტინო გარავანი მიიჩნევა მოდის ეპოქის ერთ-ერთ ბოლო დიდ დიზაინერად, რომელმაც ხელი შეუწყო მოდის, როგორც გლობალური, მაღალკომერციული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend