პორტუგალიის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი დაძაბული საპრეზიდენტო რბოლის პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლა მეორედაც მოუწევთ.
ქვეყნის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი, ისტორიული რაოდენობის 11 კანდიდატიდან, აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა ვერ შეძლო.
წინასწარი მონაცემებით, ხმათა 30%-ზე მეტი „სოციალისტების“ მიერ მხარდაჭერილმა, მემარცხენე-ცენტრისტმა ანტონიუ ჟოსე სეგურუმ მიიღო, რაც სოციალისტთა კანდიდატებს შორის, 2001 წლის შემდეგ არჩევნებზე მიღებული საუკეთესო შედეგი გახდა.

მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტიის, „ჩეგას“ ლიდერი ანდრე ვენტურა, რომელიც, კენჭისყრის დღემდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ბოლო თვეების განმავლობაში მისი პოლიტიკური აქტიურობისა და ევროპის სახელმწიფოების მართვის სადავეებთან მემარჯვენე ძალების სულ უფრო მეტად გახშირებული მოსვლის ფონზე.
შესაბამისად, 8 თებერვალს პორტუგალიელ ამომრჩეველს პოლიტიკურად ამ ორი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომელსაც ერთი მათგანი „ექსტრემიზმზე გამარჯვების მოპოვებისკენ“ მოუწოდებს, მეორე კი „დემოკრატიისა და თავისუფლების გადარჩენისკენ“.
„ამომრჩევლებს სჯეროდათ, რომ არსებობს ერთადერთი ალტერნატივა იმ სოციალიზმისა, რომელიც ჩვენ გვანადგურებს. მათ სჯეროდათ, რომ მიუხედავად ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა, ეს ალტერნატივა ვიყავით ჩვენ. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ – მემარჯვენე ძალები არასდროს ვიყავით ისე დაყოფილები როგორც ახლა, თუმცა პორტუგალიელებმა მაინც გვანდეს ლიდერობა.
მსურს, ქვეყნის მოსახლეობას შემდეგი გზავნილით მივმართო: ნუ გეშინიათ ცვლილებების. რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა. მას შემდეგ ჩვენ გვაქვს პროგრესი – იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს ვერ მივაღწიეთ, მიგრაციის, გადასახადებისა და მოქალაქეობის საკითხებზე წინსვლა გვაქვს.
ახლა მინდა, გთხოვოთ, მე მომენდოთ პორტუგალიაში შესაძლებელი უსაფრთხო ცვლილებებისთვის და არა ანტონიუ ჟოსე სეგურუს. მომენდოთ ცვლილებებში, რომლებიც არ იქნება სოციალისტური და ნამდვილად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მანამდე იყო. მივმართავ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება. გაუმარჯოს პორტუგალიას! გმადლობ ნდობისთვის! ბოლომდე ვიბრძოლოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში!“ – განაცხადა პარტია „ჩეგას“ ლიდერმა, ანდრე ვენტურამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

„ჩვენ ერთი ხალხი ვართ, თუმცა მრავალეროვნული პორტუგალია, რომელიც პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფლებას და გაერთიანებულია საერთო ფასეულობებით. პატივისცემას ვუდასტურებ ყველა კანდიდატს, ვინც ვერ შეძლო მეორე ტურში გადასვლა. წაგებულები არ გვყავს, რადგან ჩვენ ყველანი ვართ დემოკრატები…
ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ: მე ვარ თავისუფალი, ვცხოვრობ შეზღუდვების გარეშე და ასეც ვაპირებ მომავალში, რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში. დღეს ჩვენი გამარჯვებით გაიმარჯვა დემოკრატიამ და იმავეს ვიზამთ 8 თებერვალს. ვიწვევ ყველა დემოკრატს, პროგრესულად და ჰუმანურად განწყობილ ადამიანს, შემოგვიერთდეს, რათა გაერთიანებული ძალებით დავამარცხოთ ექსტრემიზმი და ისინი, ვინც თესს სიძულვილსა და შუღლს, პორტუგალიელ ხალხს შორის. ეს არ არის პარტიული კამპანია. ეს არის ყველა დემოკრატის კავშირი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს უნდა გაერთიანდნენ იმის შესანარჩუნებლად, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია…
თქვენ წინაშე ფიცს ვდებ, რომ ვიქნები თითოეული პორტუგალიელის პრეზიდენტი, მე ვიქნები რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთგული პრეზიდენტი…“ – თქვა „სოციალისტების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ანტონიუ ჟოსე სეგურუმ.
უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან არც ერთის მხარდაჭერას არ აპირებს ლუის მარკეს მენდეში, რომელმაც „სოციალ-დემოკრატებისთვის“, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლის უმრავლესობა საფუძვლიან ცვლილებებს ელის. როგორც ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, პორტუგალიის მოსახლეობის ნება პოლიტიკურ პროცესებში აისახოს და ქვეყანამ თავი დააღწიოს არსებულ ტურბულენტურ მდგომარეობას:
„ვფიქრობ, შედეგები მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით, რომ ექსტრემიზმმა და ქვეყანაში ექსტრემისტულმა იდეამ ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურისგან ველი, რომ მომავალი პრეზიდენტი მეტად ზომიერი იქნება…“
„მესმის, რთულია, თუმცა, ვისურვებდი, ყველაფერი პირველ ტურში გადაწყვეტილიყო, რათა არ მოგვიწიოს მეორე ტურის გამართვა, რომელმაც, შესაძლოა, დააშინოს ადამიანები, გაზარდოს ნიჰილიზმი და შეამციროს ამომრჩეველთა აქტივობა…“
„დაე, ეს იყოს ადამიანი, რომელიც გამორჩეული იქნება სტაბილურობით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის აუცილებელ მდგრადობას“.
იმის მიუხედავად, რომ, პორტუგალიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად შეუკვეცეს უფლებამოსილებები და ის უმეტესწილად ფორმალური ხასიათის გახდა, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების დროს სწორედ ამ ინსტიტუტის ხელში ჩნდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი.
პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, ვეტო დაადოს სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, დაშალოს მთავრობის შემადგენლობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც პორტუგალიის ჯერ კიდევ მოქმედმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ 2021 წლიდან მოყოლებული სამჯერ, ორ-ორ წლიანი შუალედით გააკეთა.
მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლაში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან თანამდებობას ორი ვადით 2016 წლიდან იკავებს.
კენჭისყრაში მონაწილე დარჩენილი ორი კანდიდატის განცხადებების მიუხედავად, მის მემკვიდრეს ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტულ დათმობებზე წასვლა მოუწევს – პორტუგალიაში არსებული პოლიტიკური კრიზისის, მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ განსამუხტად.

