ევრონიუს ჯორჯიამ მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საქართველოს სატელევიზიო სივრცეში სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც მედიაპლურალიზმის, საერთაშორისო ახალი ამბებისა და ანალიზის ხელმისაწვდომმა პლატფორმამ.
ხუთწლიანი მაუწყებლობის განმავლობაში არხმა დაიმსახურა მაღალი რეპუტაცია ჟურნალისტური სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო შეფასებებში.
Euronews-ის სათაო ოფისის კომენტარი:
„ევრონიუს ჯორჯია Euronews-ის ბრენდს საუკეთესოდ წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა გუნდმა შექმნა სანდო საინფორმაციო სამსახური, რომელიც აღიარებულია თავისი პროფესიონალიზმით, სარედაქციო დამოუკიდებლობითა და მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკით როგორც სატელევიზიო, ისე ციფრულ პლატფორმებზე. გლობალური მედიაგარემო განაგრძობს განვითარებას და ამ ახალ ეტაპზე ჩვენ მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ევრონიუს ჯორჯიას განვითარების ახალ ფაზაში, გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვარგოთ ცვალებად მედიაგარემოს ახალი ფორმატები და ამავე დროს შევინარჩუნოთ ის სტანდარტები, ღირებულებები და საერთაშორისო პერსპექტივა, რომელიც აუდიტორიისთვის Euronews-თან ასოცირდება.“
გრძელვადიანი განვითარების გეგმის ფარგლებში Euronews რეგულარულად ახდენს სარედაქციო, საოპერაციო და ბიზნესმოდელების გადახედვას, აუდიტორიის მოლოდინებთან, მომხმარებლის ინტერესებთან და საერთაშორისო მედიის განვითარების ფართო ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
შპს „სილქ მედიაში“ ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას ტელევიზიის საოპერაციო ხარჯებისა და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტრატეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის შესახებ.
განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ, Euronews-ის მუდმივად განახლებად და მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე.
ეს მიდგომა პირდაპირ პასუხობს აუდიტორიის ქცევის ცვლილებებსა და მრავალპლატფორმიან ჩართულობას და ამავე დროს უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და მომავალზე ორიენტირებულ სტრუქტურას.
ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
მიზანი კვლავ უცვლელია – აუდიტორიისთვის სანდო, რელევანტური და ხელმისაწვდომი საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტის შეთავაზება.


