მთავარისპორტიქართული სპორტი 2025

ქართული სპორტი 2025

2025 წელს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს, მერვედფინალში კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფარვორიტს, საფრანგეთს მოუგეს და ევროპირველობაზე მეოთხედფინალში პირველად იასპარეზეს, სადაც ფინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.

საქართველო ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოხვდა. წლის ბოლოს ლეგენდარული სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი შერმადინმა. 2026 წელს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას შეეცდება.

მნიშვნელოვანი წელი იყო ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელებისთვისაც. თბილისმა 16-წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საშინაო არენაზე ისრაელთან გადამწყვეტი მატჩი მოიგო და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

სანაკრებო დონეზე ნაკლებად წარმატებული წელი გამოდგა ფეხბურთელთათვის. საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და მუნდიალის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, ქართველებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ საკლუბო დონეზე. ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ქართველი შემტევი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაც მოხვდა. გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ინგლისური გრანდის, „ლივერპულის“ ღირსებას იცავს.

ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორედ დაიმსახურა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ევროპულ ტოპ ლიგებში გზა გაიკვლიეს ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა, 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა კი ზედიზედ მეორედ იასპარეზა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში იასპარეზა და ჯგუფში მეასამე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა ბოლო წლებში ნაკრების პროგრესი აშკარაა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედზედ მერვედ მოიპოვა ოქროს მედლები. „ბორჯღალოსნებმა“ 2026 წელს ავსტრალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, ნაკრებმა წლის ბოლოს მნიშვნელოვანი მატჩი დათმო იაპონიასთან და საბოლოოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და „შავი ლომის“ პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა რიჩარდ ქოქრილმა.

მნიშვნელოვანი წელი გამოდგა ქალთა რაგბისთვის, ისტორიაში პირველად ოფიციალური მატჩი ჩაატარა 15-ქალა ნაკრებმა. ქართველმა ქალებმა რაგბი ევროპის კონფერენს დივიზიონში რუმინეთი სტუმრად 43:0 დაამარცხეს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ტიტე კალანდაძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ევროპაზე გასვლა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად თბილისი არენაზე იზეიმა. ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის იანვარში, შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდება.

2026 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებიც იასპარეზებს, ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელი, ბულგარეთი და შვეიცარია დაამარცხა. ქართულმა გუნდებმა. „დინამო თბილისმა“ და „აპოლომ“ ევროტურნირზე იასპარეზეს.

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც პირველად შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროს ქალქ პოდგორიცაში ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს, საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ჩემპიონი აქაც გახდა.

2025 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის UFC-ში განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და 17 შეხვედრის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია. მერაბ დვალიშვიმა ერთი წლის განმავლობაში UFC-ში 4 ბრძოლა ჩაატარა, მერაბმა აქედან 3-ჯერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის დაცვა და ESPN-ის მიხედვით წლის საუკეთესო მებრძოლიც გახდა.

საქართველომ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი განსაკუთრებული გამოდგა ქართველი მოფარიკავესთვის, სანდრო ბაზაძისთვის, რომელმაც საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დასახელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend