მთავარიკუბისუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალია.

საკითხის შესახებ 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც მაღალი ფასების ძირითადი პრობლემები დაასახელა.

მათ შორის არის სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც „საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფასების ზრდის მიზეზთა შორის არის საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა, რომელიც 7, 8 და 14% არის, ხოლო ევროპაში – 2%.

პრობლემებს შორის ირაკლი კობახიძე ასევე ასახელებს დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანებას, ქსელური მაღაზიების სიმრავლესა და ფასში ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვას.

არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, გამოიძიონ კონკრეტული სუბიექტების საქმიანობა იმის დასადგენად, ხომ არ იკვეთება მათ საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულები.

ირაკლი კობახიძე ასევე მოითხოვს, ფასნამატის მიზეზთა დასადგენად, შეიქმნას საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ „ფეისბუკზე“ პოსტით უპასუხა და განაცხადა, რომ დეპუტატები ამ საკითხზე საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ისმჯელებენ, ანუ 2026 წლის 3 თებერვლის კვირაში.

სასურსათო პროდუქციის ფასების რეგულირების აუცილებლობაზე 2023 წლის 20 თებერვალს ისაუბრა საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ მთავრობა პროდუქტზე ფასების დარეგულირებას კანონით გეგმავდა.

თითქმის 3 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ” ჩანაწერია ევროდირექტივაშიც, რომლის აღსურლების ვალდებულებაც ქვეყანას აქვს აღებული.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას მიესალმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მისი თქმით, „ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული“.

„ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, და, როგორც ნათია თურნავა ამბობს, ეროვნულ ბანკის ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გააჩნია – ეს კი არის საპროცენტო განაკვეთი…“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და საკითხის განსახილველად მზად არიან „რითეილ ასოციაციაში“ შემავალი კომპანიები, რომლებიც სასურსათო ბაზარზე არიან წარმოდგენილი.

„რითეილ ასოციაცია“ ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ასახელებს დამატებითი ღირებულების გადასახადს და, ზოგადად, საქართველოში არსებულ საგადასახადო პოლიტიკას:

„მიგვაჩნია, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სტრუქტურირებული დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის მიღწევისათვის. სწორედ ასეთი თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თანაბრად გაითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ისე სოციალურ პასუხისმგებლობას“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას პასუხობს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე. BMG-სთან საუბრისას მან თქვა, რომ საკითხი მხოლოდ მაშინ მოგვარდება, „თუ სახელმწიფოს მხრიდან იარსებებს ნება, სურსათის მიმართულებით გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათი დაწესდეს, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფასზე“.

რეგულირების ნაწილში ლაშა რიჟამაძე თბილისის მერიის მიერ გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქში გადაადგილების შეზღუდვებს ასახელებს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს წარმოადგინა, დღის წესრიგში დადგა ორი წლის წინაც, მაგრამ „გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეჩერდა“.

ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, – და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, – ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, „შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია“.

ეკონომისტი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ „ფასებს პროკურატურა და „დაჭერები“ ვერ უშველის“. მისივე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კონკურენციის გაჯანსაღება და არა პოლიციური რეიდები, „რაც საბოლოოდ ან დეფიციტს გამოიწვევს, ან ბიზნესის გაკოტრებას“.

ეკონომისტი ხელისუფლებას სთავაზობს არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზას, რომელთა შორისაც არის გადასახადების დაწევა, როგორც ეს ევროპის სახელმწიფოებშია.

მის შეხედულებებს იზიარებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ასახელებს „წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მონოპოლიებს, ოლიგოპოლიებსა და კარტელურ შეთანხმებებს.“

დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი გამოსავალი არის საგადასახადო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და ევროპულ მოდელზე გადასვლა, რაც, მისი შეფასებით, მოიცავს დღგ-ს შემცირებას, მოგების გადასახადის გაზრდას, სოციალური დაზღვევის გაძლიერებასა და სოციალური დახმარების სისტემის ეტაპობრივ შემცირებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend