მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ ირანი და ისრაელია – სოციალურ ქსელებში 13 ივნისის დილიდან არ წყდება მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები ისრაელის მხრიდან ირანზე მიტანილი იერიშის შესახებ.
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანი ომის გამოცხადებად აფასებს, ისრაელი კი – ბირთვული საფრთხის განეიტრალების აუცილებლობით ხსნის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე ეხმაურება მომხდარს. აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ „შეთანხმების დასადებად“ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა ეს „შეთანხმება“ მიღწეული ჯერ ისევ არ არის. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ დღეს ამ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – „შესაძლოა ახლა ირანს მეორე შანსი აქვს“ – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ არის ჩართული სამხედრო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ.შეერთებული შტატების გარდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები.
“ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ღრმად საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია და თავი შეიკავონ შურისძიებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე“, – წერს პლატფორმა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საფრანგეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ „ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“.
ისრაელის მოქმედებებს მწვავე კრიტიკით შეხვდა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ისრაელის თავდასხმები მათ მეზობელ ირანზე „აშკარა პროვოკაციაა“, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს. მისივე თქმით, თავდასხმები იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზის სექტორში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო უნდა მოუღოს ისრაელის ბანდიტიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობას“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.