„სახელმწიფო უწყებების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების“ არგუმენტით, „ქართულ ოცნებას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი შეაქვს მათ წინააღმდეგ, ვინც საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ შეურაცხმყოფელ ლექსიკას გამოიყენებს. ინიციატივა მმართველი პარტიის წევრ ირაკლი კირცხალიას ეკუთვნის.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
სარჩელის შეტანას მიესალმებიან ირაკლი კირცხალიას თანაპარტიელებიც. ისინი ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი გზავნილებით, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები „მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტებს“ აწყობენ.
„ფაქტია, რომ შეტევის ეს ფორმა, რომელიც კონკრეტულ გეგმას უკავშირდება, არ არის სპონტანურ და ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული. ეს არის ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური ტერორი. „ტერორისტულ აქტებს“, აქციებს აქვს გარკვეული მიზანი, რომ ასეთი დამოკიდებულებები საყოველთაოდ გავრცელდეს და ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს მათი სამოქმედო გეგმის შემადგენელ პროცესებზე…“ – ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი „ქართული ოცნების“ მიერვე 2025 წლის თებერვალში მიღებული კანონი გახდება. ამ კანონმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეებისა და სამართალდამცველთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედება დასჯადი გახადა. რეგულაცია ჯერ კიდევ პარლამენტში ინიციირების ეტაპზე გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა და მას რეპრესიული უწოდეს. ანალიტიკოსები ახლაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამერიკული და ევროპული კანონმდებლობების სახელით საქართველოში რუსული სტილის შეზღუდვები დააწესოს, რითაც, მათი თქმით, სახიფათო პრეცედენტი იქმნება.
„თუკი აპრიორი არ არის ძალადობისკენ მოწოდება და არ არის საფრთხისშემცველი, მასში ჩარევა არ შეიძლება. ამას ემატება ისიც, რომ, თუკი კრიტიკა მიმდინარეობს პოლიტიკური ფიგურის, ვის მიმართაც მაღალი დონის საჯარო ინტერესი არსებობს, ჩვენი საკანონმდებლო, საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკით არსებობს მაღალი დაცვის სტანდარტი. ეს ჩარევა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და ნამდვილად დაუშვებელია. გარდა ამისა, ეს სხვა ადამიანების მიმართაც ქმნის მსუსხავ ეფექტს, რომ არ დაწერონ თავიანთი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში, რაც ამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ზიანს აყენებს… რასაც ჩვენ ვხედავთ FARA-სა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობის მხრივ, ქმნის ისეთ ტენდენციას, რომელიც მოსახლეობას, ინდივიდებსა და მედიასაშუალებებს ხელს შეუშლის, დამოუკიდებლად გამოხატონ კრიტიკული აზრი…“ – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი იოსებ ედიშერაშვილი.
თებერვალში მიღებული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკაში უკვე რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანეს პარტიის წევრებმა დავით მათიკაშვილმა, ირაკლი ზარქუამ და მარიამ ლაშხმა. აქტივისტების ნაწილის შემთხვევაში სასამართლომ ჯარიმა გამოიყენა, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ანალიტიკოსები საუბრობენ კანონის აღსრულების მექანიზმებსა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებაზე.
„მგონი, ლოჯისტიკურად რთული იქნება ყველას დაჭერა, მაგრამ კონკრეტული პირის მიმართ დევნის დაწყებაც არის ძალიან დიდი პრობლემა ამ მსუსხავი ეფექტის გამო. ამ ეფექტს ქმნის კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სარჩელების შეტანაც. ზოგადად, არ უნდა შეიქმნას ისეთი ლანდშაფტი და გარემო, სადაც მოქალაქეს გამოხატვისას შეიძლება ჰქონდეს რაიმე შიში… ეს არის საწინდარი იმისა, რომ აღარ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება და შემდგომში ყველა დემოკრატიული პროცესი ჩამოიშალოს“, – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი იოსებ ედიშერაშვილი.
სოციალურ ქსელებში რეგულაციების დაწესების ინიციატივით პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვედრილი, ამჟამად კი „ხალხის ძალის“ დეპუტატი, სოზარ სუბარი ჯერ კიდევ 4 მარტს გამოვიდა.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა 2025 წლის 4 მარტს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქართული ოცნების“ სარჩელზე და აღიძვრება თუ არა ახალი საქმეები ადმინისტრაციული წესით. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, შეწყვიტონ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, საპასუხოდ კი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათი მიზანი არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ მისი ზრდილობის ფარგლებში მოქცევაა.