მთავარისაქართველოსაია „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილ...

საია „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილ საჩივარს ეხმიანება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილ საჩივარს ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი, რომელიც ამავე კანონის 59-ე პრიმა და 76-ე მუხლებთან ერთად საჩივრის საფუძველია, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით „ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია.“

„მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors). კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარსში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვისა და მედიის თავისუფლებებს. ამასთან, მათივე პოზიციით, ამ მუხლის „პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.“

„ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტური, ხოლო ინდივიდი – ღირსება დაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ“, –  აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend