მთავარისაქართველოელჩობის 20 თვე - რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

ელჩობის 20 თვე – რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

საქართველოში 20-თვიანი მუშაობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს.

საელჩოს მიერ 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და მისი გაწვევა შტატების მთავრობას არ მოუთხოვია.

„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“,  – წერია რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ვიდრე რობინ დანიგანის გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ძალიან დამაიმედებელია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვამს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, უფრო მეტად იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, წახალისებული მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობიდან წასვლას მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. დიპლომატის საქმიანობას „ქართული ოცნების“ წევრები უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისა და გაუგებრობის აღმოფხვრის მხრივ, მან დაკისრებული პასუხისმგებლობა ვერ შეასრულა.

„მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. ახალ ელჩს დაველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. ამიტომ, გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

რობინ დანიგანის წასვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზე. მმართველი პარტიის ოპონენტები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას არა დიპლომატის საქმიანობას, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირებენ.

„მკაფიო იყო, რომ, როდესაც ქვეყანამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეწყვიტა, მათ შორის, ელჩი დანიგანი აქტიურად იყო ჩართული მცდელობაში, რომ ეს პროცესი არ შეჩერებულიყო, თავდასხმის სამიზნენი გახდნენ. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ჩვენი ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლები არღვევდნენ ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, მითუმეტეს სტუმარ-მასპინძლობის კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუდამ იყო დაცული.“ – ამბობს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

„ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენ ქვეყანაში და გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში სავარაუდოდ, დამთხვევა MEGOBARI აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა, რაც ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს…“ – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას რობინ დანიგანი 2023 წლის 12 ოქტომბერს შეუდგა. თანამდებობაზე ყოფნისას, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მასსა და ამერიკის საელჩოს საქართველოში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის, ასევე ე.წ. „რევოლუციური სცენარის“ განხორციელების მცდელობებში ადანაშაულებდნენ.

რობინ დანიგანის ელჩობისას, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მიზეზით შეჩერდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა. ამის მიუხედავად, დიპლომატი არაერთხელ ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა. პოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იზიარებდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თუმცა წინაპირობად ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას ასახელებდა.

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან იმ შეხვედრაზე თქვა უარი, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს რობინ დანიგანს საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ან რას უკავშირდება დიპლომატის გადაწყვეტილება წასვლის შესახებ.

დიპლომატი განმარტავს, რომ პენსიაზე გადის, თუმცა, გეოპოლიტიკაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დრო ყოველთვის კითხვებს აჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend