მთავარისაქართველოაკრძალული გარევაჭრობა

აკრძალული გარევაჭრობა

ნინო, 58 წლის: „მყავს 6 შვილიშვილი, 4 ობოლია, 11-სულიანი ოჯახი მაქვს. ბავშვები მამით ობლები არიან და მე უნდა შევინახო… დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვვაჭრობ, მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ მე სხვის ჩაბარებულ ტანსაცმელზე ვვაჭრობ, ჩემი ყოველდღიური შემოსავალი არის 7-8 ლარი… სახელმწიფო მაძლევს 60 ლარს და მთელი წლის შემოსავალი არის ის 60-ლარიანი სოციალური დახმარება…”

ეს არის ამონარიდი გარემოვაჭრეთა ინტერვიუებიდან, ნათია ქარჩილაძის კვლევიდან „არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე“. სოციოლოგი გარემოვაჭრე ქალების საქმიანობას ზეპირი ისტორიების შეგროვებითა და მათ ყოფაზე დაკვირვებით სწავლობდა. გარემოვაჭრე ქალები იმ მიზეზებზე ჰყვებიან, რომლებმაც ისინი ქუჩაში პირველად გაიყვანა.

მერი, 54 წლის: „54 წლის ქალი ვარ, სულ წნევა და პრობლემები მაქვს. აქაც ბევრჯერ გავხდი ცუდად, ერთ-ორჯერ სასწრაფოც გამოვიძახეთ, თავის დანებებაც მინდოდა მუშაობისთვის, მარა, მერე ვიფიქრე, გინდ აქ მომკვდარხარ და გინდ შიმშილით, რა აზრი აქვს. აქ 1-2 კაპიკს მაინც ვაკეთებ. ჩემმა ბიჭმაც ვერ იპოვა სამსახური, უმაღლესი დავამთავრებინე და ზის სახლში უმუშევარი…”

დარეჯანი, 64 წლის: „მარტოხელა ვარ, დედაც გარდამეცვალა. არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, მარა, წამალი არ მქონდა და ვერ ვუშველე. მერე აქ გამოვედი, გული რომ გადამეყოლებინა და ბოლოს დავრჩი. ვმეგობრობ გოგოებთან და 2 კაპიკსაც ვაკეთებ. პენსიით როგორ უნდა ვიცხოვრო, აბა?!”

საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა არაფორმალური შრომის ამ სახეობას კვლავაც ბევრი მისდევს. მართალია, ბოლო დროს მეტროსადგურებთან გარემოვაჭრეებს შედარებით იშვიათად ვხედავთ, ბაზრობების მიმდებარედ, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე სახელდახელოდ მოწყობილი დახლები კვლავაც ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია.

გარევაჭრობის აღკვეთა დღეს მუნიციპალური ინსპექციის, კერძოდ, გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციაა. თუმცა მოხერხებული გამყიდველების ნაწილი, ინსპექტორების გამოჩენამდე  საკვები პროდუქტებისა თუ ტანსაცმლის გაყიდვას მაინც ასწრებს, როგორც მაგალითად აქ – ახმეტელის მეტროსთან, სადაც სახლისკენ მიმავალს საკვები პროდუქტი ან სხვა საქონელი, შეგიძლიათ ხელს მარტივად გააყოლოთ.

გარევაჭრობის შესახებ რამდენიმე კითხვა ევრონიუს ჯორჯიამ შემთხვევით გამვლელებს დაუსვა. ბევრი მათგანი გარემოვაჭრეების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი:

„ – ძალიან გაჭირვება არის აქ, ლუკმაპურს შოულობენ მაგით…

– მაგით გაყავთ ოჯახი, პურის ფულს შოულობენ და ეს საშუალება არ უნდა წაერთვათ.

– პირადად მე, როგორც მოქალაქეს, არ მიშლიან ხელს და შეძლებისდაგვარად შეიძლება რომ ხელი შევუწყოთ. საშუალება მისცენ ხალხს, რომ პურის ფული გააკეთონ. რომ არ უჭირდეთ, ასე ქუჩაში არ გამოვიდოდნენ… მარტო იმით არ უნდა განვსაზღვროთ, რომ დავუშვათ, მე არ მიჭირს და ესენი ხელს მიშლიან – არა!

– თუ იაფობა არის აქ – რატომაც არა? აბა, სიძვირე რომ არის მაღაზიებში, ისაა კარგი?

– მე ვფიქრობ, არავის არაფერს არ უშლიან ესენი, არ ანაგვიანებენ – მერე ალაგებენ და ისე მიდიან…

– რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, არ იყოს ეს, რაც ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენი მშიერი ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან? თუ არჩევანი უნდა გავაკეთო ადამიანი რაღაც ორ გროშს შოულობდეს, თუ მე აქ კომფორტულად, სუფთად ვიმოძრაო, რა თქმა უნდა, პირველისკენ ვაკეთებ დაუყოვნებლივ არჩევანს.

– ცოდვაა ხალხი, თორემ აბა ისე არაა კარგი, ყველაფერი რომ ყრია მთელს ქალაქში, ქუჩაში… ქალაქს აფუჭებს“, – ამბობენ მოქალაქეები.

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ მუნიციპალური ინსპექციისა და გარემოვაჭრეთა დიალოგს შევესწარით. გამყიდველები ამჯერად არ დაუჯარიმებიათ, მათ დახლების ალაგება მოსთხოვეს.

„ჩვენ დაჯარიმებაზე არა ვართ ორიენტირებულები, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ დამსჯელი სტრუქტურა. პრიორიტეტია მაინც პრევენციული ზომების გატარება. შეძლებისდაგვარად ალტერნატივასაც ვთავაზობთ. ეს ალტერნატივა არის ძირითადად მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ბაზრები და ბაზრობები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და აღნიშნულ ტერიტორიებზე ხდება ძირითადად ამ გარემოვაჭრეების შეყვანა ხშირ შემთხვევაში რამდენიმე თვე. დღესდღეობით თბილისის მასშტაბით შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.

ხდება ჯარიმის გამოწერა, ასევე საქონლის კონფისკაცია, მაგრამ ჩვენი სამსახური მაინც ძირითადად პრევენციულ ზომებს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვუხსნით ამ მოქალაქეებს, თუ რაში მდგომარეობს დანაშაული“, – ამბობს გიორგი ლოჩოშვილი,  თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონიტორინგის სამმართველოს გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

მისივე თქმით, თბილისის მეტროსადგურებთან  გარევაჭრობის პრობლემა დღეს ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც რამდენიმე წლის წინ. ვითარება შედარებით უფრო რთულადაა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურ მონიტორინგს ატარებს.

საქართველოს კანონმდებლობა ქუჩაში უკანონო ვაჭრობის პირველ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მეორედ კანონდამრღვევი გამყიდველი უკვე 300 ლარით ჯარიმდება. კანონმდებლობა უფრო მკაცრია ავტოტრანსპორტიდან უკანონო ვაჭრობის შემთხვევაში, რაც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციიდან მოგვაწოდეს იმ ჯარიმების სტატისტიკაც, რომელიც უკანონო გარევაჭრობას უკავშირდება.

2023 წ. – კანონდარღვევის 2002 შემთხვევა – 554 350 ლარი

2024 წ. – კანონდარღვევის 877 შემთხვევა – 316 850 ლარი

2025 წელს – კანონდარღვევის 355 შემთხვევა – 151 850 ლარი

საქართველოში გარემოვაჭრეები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდნენ. იმ პერიოდში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან თავის დასაღწევად მოქალაქეები თავის გატანას ცდილობდნენ სხვადასხვა სახის არაფორმალური საქმიანობით, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული სწორედ გარევაჭრობა იყო. ამ სფეროში თვითდასაქმებულებს წარმოადგენდნენ, ძირითადად, სიღარიბეში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა შორისაც, თავის მხრივ, საპენსიო ასაკის ქალები და  იძულებით გადაადგილებული პირები და შიდა მიგრანტები ჭარბობდნენ.

გარევაჭრობა უკანონოდ პირველად 2007 წელს გამოცხადდა, მსგავსი საქმიანობისთვის ჯარიმების დაკისრებაც ამ პერიოდიდან დაიწყო, რასაც თან ახლდა არაფორმალური სავაჭრო სივრცეების პრივატიზების პროცესი. საჯარო სივრცეები  პატარა ჯიხურებისა და კუსტარული სავაჭრო დახლებისგან სწორედ ამ დროს თავისუფლდება. თავისუფალ ადგილებს კი ნელ-ნელა სუპერმარკეტები და დიდი სავაჭრო ცენტრები იკავებს. 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ გარემოვაჭრეები ხელახლა იწყებენ  ქუჩებში დაბრუნებას, თუმცა, 2017 წლიდან მთავრობის პოლიტიკა კვლავ იცვლება – გარევაჭრობაზე კონტროლი მკაცრდება და ახალი შეზღუდვები წესდება.

„თბილისსა  და სხვა ქალაქებში არსებული ნახევრად ფორმალური ბაზრები არის თვითგადარჩენის შესაძლებლობა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. აქ ჩვენ შევხვდებით ქალებს, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, ამ ბაზრებში ვაჭრობენ, გარევაჭრობა არის მათთვის შემოსავლის მიღებისა და გადარჩენის ერთადერთი გზა. თუმცა ამ შრომას ახასიათებს ის, რომ ის არ არის ფორმალიზებული შრომა და ამიტომ უფრო დაუცველია. ადამიანები არ სარგებლობენ ისეთი საბაზისო შრომითი უფლებებითაც კი, რომლებიც ფორმალიზებულ შრომაში გვხვდება. ეს დაუცველობა ძალიან მძიმედ აისახება მათ რეალობაზე. სახელმწიფო არაფორმალური შრომის ბაზარზე, იხსნის ფაქტობრივად ვალდებულებას ამ ადამიანების მიმართ და ჩვენ ვხედავთ, რომ შრომითი ინსპექციის საქმიანობაც ძალიან სუსტია ამ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად არის დასაქმების ადგილი და ძალიან აშკარაა აქ შრომის უსაფრთხოების რისკები. მთლიანად ეს არაფორმალურობა, რომელიც ამ ბაზარს ახასიათებს, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება კონკრეტულ სიტუაციებში იყოს მომგებიანი დასაქმებულებისთვის, იმიტომ რომ ისინი ნაკლებ გადასახადებს იხდიან და მათ თავისუფალი გრაფიკი აქვთ, რაღაც პრივილეგიები თითქოს ერთი შეხედვით ახასიათებს ასეთ შრომას, მაგრამ როგორც წესი არაფორმალური შრომა უფრო სარისკოა მას უფრო მძიმე გამოწვევები უკავშირდება როგორც შრომითი ასევე უფლებრივი და სოციალური.

თქვენ კარგად გახსოვთ დეზერტირების ბაზრის გასხვისების პრობლემა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დადგა და როგორი დაუცველები დარჩნენ გარემოვაჭრეები იმ რეალობის წინაშე, როდესაც მათ შეიძლება დასაქმების ადგილი დაეკარგათ და ამ ადგილებში დიდი ინვესტიციები და კომპანიები შემოვიდოდნენ და უფრო ძვირადღირებული ბიზნესები დაიწყებდნენ ვაჭრობას“, – ამბობს „ევრონიუს ჯორჯიასთან“  თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” პროგრამის დირექტორი.

2024 წლის 30 მარტს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სადგურის მოედნისა და ე.წ „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს. მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უკანონო საქმიანობა, რაც ტროტუარებზე გადაადგილების  შეფერხებას, ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლასა და ანტისანიტარიას იწვევდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წვრილი ვაჭრებისა და გარემოვაჭრეებისთვის არსებობდეს მუნიციპალური სივრცეები – ტრადიციული ისტორიულად მიჩნეული ბაზრები, სადაც მათ საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ და სადაც  მუნიციპალიტეტი იქნება ის, ვინც უსაფრთხოებას, სანიტარიასა და შრომასთან დაკავშირებულ უფლებებს დაიცავს. უნდა ტრანსფორმირდეს ეს იდეა დაცული მუნიციპალური ბაზრების იდეად, რომლითაც ერთი მხრივ არაფორმალური შრომისთვის დამახასიათებელი თავისუფლებებითაც ისარგებლებენ გარემოვაჭრეები და უფრო მეტად დაცულები იქნებიან“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

კანონით აკრძალული საქმიანობის გამო თავად გარემოვაჭრეებმა ვიდეოკამერასთან გამოჩენა არ ისურვეს, თუმცა, კადრს მიღმა რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხეს. გამყიდველთა უმეტესობას, ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ, დროებითი დახლი ბაზრების მიმდებარედ, საფეხმავლო გზაზე აქვს მოწყობილი – ასეთ ადგილებში ვაჭრობა გამვლელებთან სიახლოვის გამო შედარებით უფრო სარფიანია. როგორც გარემოვაჭრეები ჰყვებიან, მსგავს პოზიციაზე ადგილის დასაკავებლად არაფორმალურ გადასახადებსაც იხდიან. მათი თქმით, ეს მინიმალური შემოსავლის მიღების ერთადერთი შესაძლებლობაა, რადგან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე დახლის გადატანის შემთხვევაში გაყიდვები მცირდება, გადასახადი კი – იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend