ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლებში სამართალდამცველები მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.
მათი განმარტებით, ჩხრეკის თაობაზე სასამართლოს გაცემული აქვს განჩინება.
მარიამ ბაჯელიძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა სცადეს ფეისბუკის პირდაპირი ეთერით გადაეღოთ პროცესი, თუმცა სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ გადაღების უფლება არ აქვთ.
პირდაპირი ეთერი მათ ფეისბუკ გვერდებზე მალევე შეწყდა.
იქამდე, კადრებში ასევე ისმოდა, რომ მარიამ ბაჯელიძე ითხოვდა ადვოკატის მისვლამდე პროცესი შეწყვეტილიყო, რაზეც მას სამართალდამცველები უარს ეუბნებოდნენ.
17 მარტს საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს და სხვადასხვა საჭიროების მოქალაქეებს ეხმარებოდნენ, მათ შორის სამედიცინო მიზნებით. ნანუკას ფონდის” გარდა დაყადაღებულია საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“; საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“; არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
მთლიანობაში 5 ფონდი პროკურატურის ცნობით “საბოტაჟისა” და “კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.
პროკურატურა მაშინ წერდა, რომ განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა “კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას”.
არასამთავრობოების შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება “მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობა იყო”.