მთავარიმსოფლიორატომ ველოდოთ 8 მაისს? - მოსკოვის ნაბიჯმა კიევსა და ვაშინგტონზე ვერ იმუშავა

რატომ ველოდოთ 8 მაისს? – მოსკოვის ნაბიჯმა კიევსა და ვაშინგტონზე ვერ იმუშავა

9 მაისთან დაკავშირების მოსკოვს დიდი გეგმები აქვს. იმდენად დიდი, რომ უკრაინასთან 3 დღით ცეცხლსაც კი წყვეტს. ვლადიმერ პუტინმა განკარგულება ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიიღო. ის ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე 8-დან 11 მაისამდე ცეცხლი შეწყდება. თუმცა ტექსტში მუქარის ნიშნებიც იკითხება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 8 მაისიდან 11 მაისამდე რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცხადებს. ამ პერიოდში შეჩერდება ყველა სახის სამხედრო მოქმედება. რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინულმა მხარემ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს. ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინულ მხარეს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს დაუბრუნებს. რუსული მხარე მორიგ ჯერზე აცხადებს მზაობას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, წინასწარი პირობების გარეშე, რომლებიც ფოკუსირებული იქნება უკრაინული კრიზისის პირველადი მიზეზების მოხსნასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულ ურთიერთკავშირზე”, – აღნიშნავენ კრემლში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უსმენს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს, 26 აპრილი, 2025 წელი Copyright AP Photo

„დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს და არა დროებითი” – ასე უპასუხეს კრემლის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაზე მასირებული დარტყმებით იმედგაცრუება არ დაუმალავს და რუსეთთან დაკავშირებით ტონიც შეცვალა. მიუხედავად ამისა, ყირიმზე მისი მოსაზრებები უკრაინისთვის მაინც არასახარბიელოდ ჟღერს. ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომის პაპის დაკრძალვაზე გაცვლილი მოსაზრებების ფონზე, ის უშვებს, რომ უკრაინა შესაძლოა ყირიმის დათმობისთვისაც იყოს მზად.

„მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ დისკუსიების შემდეგ უკრაინა დაბომბეს. მოკლედ რომ ითქვას, ყირიმი გააჩუქეს ბარაკ „ჰუსეინ“ ობამამ და ბაიდენმა. ეს მოხდა 11 ან 12 წლის წინ, დიდი ხნის წინ იყო. არ ვიცი, როგორ შემიძლია ყირიმის თემა წინ წამოვწიო, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო. 12 წელია, არავის უხსენებია და ახლა საუბრობენ. ამრიგად, მე ვუთხარი: იქნებ წახვიდე და ჰკითხო ობამას, რატომ დათმეს ყირიმი. სხვათა შორის, ტყვიის გასროლის გარეშე დათმეს. შესაბამისად, ნუ მელაპარაკებით ყირიმზე, ამაზე ელაპარაკეთ ობამასა და ბაიდენს. დაიმახსოვრეთ, ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. მე უბრალოდ მოვედი და ვცდილობ პრობლემის გადაჭრას და პრობლემა ისაა, რომ ადამიანები იხოცებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპს სულ რაღაც 2 დღე რჩება, ვიდრე საკუთარი პრეზიდენტობის 100-დღიან ვადას ამოწურავს, რა დროშიც მსოფლიოსა და საკუთარ ამომრჩეველს ომის დასრულებას ჰპირდებოდა. შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე ის რუსეთსა და უკრაინასთან ურთიერთობაში ყველა ნაცად ტაქტიკას მიმართავს.

„დონალდ ტრამპი საუბრობს პოტენციურ ქმედებებზე საბანკო მიმართულება იქნება ეს თუ ნავთობი და გაზი. ის მოწადინებულია, გამოიყენოს ორივე, თაფლაკვერისა და წკეპლის პრინციპიც, რომ ორივე მხარე დასვას მოლაპარაკებათა მაგიდასთან იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ომის დასასრულებლად გვჭირდება, ევროპელების მიერ მართული უსაფრთხოებითი არქიტექტურის ფარგლებში”, – აცხადებს მაიკლ უოლცი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„ისინი იმაზე ახლოს არიან შეთანხმებასთან, ვიდრე ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მომხდარა. თუმცა ჯერ მაინც არ არიან დანიშნულების ადგილას. პრეზიდენტმა გამორჩეული სამუშაო გასწია, უმაღლეს სამთავრობო დონეზე ჩართო პროცესში ადამიანები, რომლებიც მშვიდობის მოახლოებაზე ზრუნავენ. ეს ნამდვილად არის აღსანიშნი ამბავი. ის ცდილობს 3 წლიანი ომის დასრულებას, რომელსაც არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი, თუმცა ამ მოგზაურობაში ბოლო ნაბიჯები ყველა შემთხვევაში რთული იქნებოდა და გვჭირდება, რომ ისინი მალე გადაიდგას. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამდენი დროისა და რესურსის დათმობას ამ ძალისხმევაში, თუ ის არ იქნება ნაყოფიერი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სულელური იყო კონკრეტული ვადების დათქმა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტობის ამ 100 დღეში მან ამ საქმეს მიუძღვნა უპრეცედენტო დრო და ენერგია. ჩვენ მხარეები დავაახლოვეთ იმაზე მეტად, ვიდრე ეს დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა ჯერ არ მივსულვართ დანიშნულების ადგილას. ვფიქრობ, ეს იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა, რომელშიც გაირკვევა, გვსურს თუ არა ამ წამოწყებაში დავრჩეთ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება იმის მანიშნებელია, რომ კრემლი ომის დასრულებას არ აპირებს და ტყუის, როდესაც საპირისპიროს ამბობს. სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ვატიკანში, 26 აპრილი, 2025 წელი Copyright AP/Ukrainian Presidential Press Office

„რუსები ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მიიღონ ამერიკული შეთავაზება, თუმცა ამ დრომდე არ გვინახავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსული ჯარი რეალური სიჩუმისთვის ემზადება. ამის საპირისპიროდ, აღდგომის შემდეგ ოკუპანტებმა განაახლეს მათი ჩვეული საქმიანობა, გარკვეული დანაკარგების ფონზე, ისინი წინსვლას ცდილობენ. ბრძოლის თითოეული დღე იმის დასტურია, რომ რუსეთს მსოფლიო შეცდომაში შეჰყავს, იგი ატყუებს მსოფლიოს, ატყუებს აშშ-სა და სხვებს, რათა მომავალშიც გააგრძელონ ომი. ამიტომაც გვჭირდება მეტი ზეწოლა მათზე. ეს შეუცვლელი ბერკეტია, რათა რუსეთს საჭირო ნაბიჯები გადავადგმევინოთ და ომი შეჩერდეს. რომსა და ვატიკანში შეხვედრები ადასტურებს, რომ ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, თუ რა ხდება. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაოს დიპლომატიის მიმართულებით.  47 დღის წინ ჩვენ დავთანხმდით უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, მოგვიანებით კი შევთავაზეთ მათ მორატორიუმი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ მოსკოვი შაჰიდებით გვპასუხობს, რაკეტებითა და არტილერიით. ამას მსოფლიოსგან შესაბამისი პასუხი სჭირდება  – ახალი სანქციები და მეტი ზეწოლა. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია ის, ვინც რუსეთთან მიმართებით საგრძნობი ნაბიჯები უნდა გადადგას”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პირველი და ბოლო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამწლიან ომში 2 კვირის წინ, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, გამოცხადდა. 30-საათიანმა ზავმა ურთიერთბრალდებებში ჩაიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend